Digest Logo

თამარ გაბუნია: გაზრდილი ბიუჯეტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოქალაქემ უკეთესი ხარისხის და უფრო გაფართოებული ჯანდაცვის სერვისი მიიღოს

1669791787
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

2023 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების გაზრდის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ სიახლეებზე ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან ისაუბრა.

„2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც უკვე პრაქტიკულად დასრულებულია, სახელმწიფო პროგრამებზე რიგი მიმართულებით გარკვეულ მატებას ითვალიწინებს, მათ შორის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში და მატება მიმართულია ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების დაფინანსების გაფართოებისკენ. ასევე, უნდა აღინიშნოს „დიარჯი“, რომელიც არის ახალი მეთოდი და მისი ამოქმედების შემდეგ გარკვეული დამატებითი რესურსის მობილიზება არის საჭირო და ამ მიმართულებით მატება არის გათვალისწინებული ჯანდაცვის პროგრამისთვის და სხვა მიმართულებებითაც, მათ შორის 7. აივ ინფექცია/შიდსის მართვის პროგრამაში, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამაში, ინკურაბელურ პაციენტების პალიატიური მზრუნველობის პროგრამაში, იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა პროგრამაშიც, ასევე მატება არის გათვალისწინებული პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის პროგრამაში. გარდა ამისა, დამატება ეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამას, დიაბეტის მართვის პროგრამასა და გარკვეული მატება არის ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების მიმართულებითაც. ყველა მათგანი არის ძალიან პრიორიტეტული მიმართულებები და დამატებითი რესურსები კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოქალაქემ უკეთესი ხარისხის და უფრო გაფართოებული სერვისი მიიღოს. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რაშიც ჩვენ ბიუჯეტის დამატებითი რესურსის მობილიზება გვქონდა წარდგენილი ფინანსთა სამინისტროში, ეს საკითხი განიხილა მთავრობამ და ვფიქრობთ, რომ პარლამენტი მას ამ ფორმით დაამტკიცებს.

Pia.ge-სთან საუბრისას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების მატება და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამები ყველა პაციენტისთვის ჩვეულებრივ გაგრძელდება.

რაც შეეხება აღნიშნული პროგრამებზე მატების მნიშვნელობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუნდაც ქრონიკულ დაავადებების მართვა არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება და ამ მიმართულებით დამატებითი რესურსის მობილიზება ბევრ ადამიანს მისცემს იმის საშუალებას, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით მდგომარეობა გაიუმჯობესოს. გარდა ამისა, „დიარჯის“ სახით გადახდის ახალი მეთოდის დანერგვა, რომელზედაც ბოლო პერიოდში აქტიურად არის საუბარი, მიმართულია იმისკენ, რომ რესურსი მოხმარდეს პაციენტის ინტერესს და ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხი და ხელმისაწვდომობაც კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. რიგ მიმართულებებში, როდესაც საუბარია მატებაზე, ეს არის დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გაფართოება ან ახალი მედიკამენტის დამატება და ესეც, რა თქმა უნდა, მიმართულია იმისკენ, რომ პაციენტმა მეტი სერვისი მიიღოს.

ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამები ყველა პაციენტისთვის გრძელდება. ზოგიერთ პროგრამაში მიზნების შესასრულებლად რესურსები საკმარისია, აქედან გამომდინარე დამატების საჭიროება არ იყო და პროგრამა დარჩა იმ დონეზე, რა დონეზეც გასულ წელს წარვადგინეთ. ყველა დარჩენილი პროგრამა გაგრძელდება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აქამდე ხორციელდებოდა.

ცნობისთვის, 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი პარლამენტს დღეს წარედგინება.