ლევან აბაშიძე ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომლის პოპულარობა და შემოქმედებაც გარდაცვალებიდან წლების შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. როგორი იყო მსახიობი კადრს მიღმა, როგორ აღიქვამდა საკუთარ წარმატებას, რა ურთიერთობა ჰქონდა ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან და რატომ მიიჩნევენ მის როლს გიორგი შენგელაიას ფილმში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ განსაკუთრებულად? ამ საკითხებზე გადაცემაში მსახიობის დედამ, მანანა ხიდაშელმა, მისმა მეგობრებმა და კინომცოდნე ლელა ოჩიაურმა აჭარის გადაცემა „თეთრი კვადრატი“ ისაუბრეს.
მანანა ხიდაშვილის თქმით, ლევანი განსაკუთრებული თავმდაბლობით გამოირჩეოდა და პოპულარობა არასოდეს ჰქონია თავში ავარდნილი.
„მიუხედავად იმისა, რომ თავისი თაობის ერთ-ერთ ცნობილ მსახიობად ითვლებოდა, ვარსკვლავურ სტატუსს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ლევანს ძალიან უყვარდა საკუთარი პროფესია და მუშაობისას დიდი მონდომებით გამოირჩეოდა. მისი კინოში მოხვედრა ლანა ღოღობერიძეს უკავშირდება. რეჟისორი მის შვილებთან, განსაკუთრებით ნუცასთან მეგობრობდა, რომელმაც დედას უთხრა, რომ თუ ლევანს არ გადაიღებდა, თავადაც აღარ მიიღებდა მონაწილეობას გადაღებებში. ლევანს მომავლის შესახებ საუბარი არ უყვარდა და ხშირად ამბობდა: „მე ცოლი არ მეყოლება, მე შვილი არ მეყოლება“,- გაიხსენა ლევან აბაშიძის დედამ.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
ცნობისთვის, ქართველი მსახიობი ლევან აბაშიძე 1992 წლის 7 სექტემბერს, 29 წლის ასაკში, აფხაზეთის ომის დროს დაიღუპა - ზემო ეშერასთან, სოხუმის მისადგომებთან.
მისი გარდაცვალების შესახებ ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა პოზიციაზე, როდესაც ყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


