Digest Logo

თბილისის მერია: „მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი ცხოველთა თავშესაფარში შეიჭრა, სადაც დაავადებული ძაღლები და ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები იმყოფებიან“

1775141308
 თბილისის მერია

თბილისის მერია ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მიმდინარეობის დროს მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა და ვეტერინარებს საქმიანობაში ხელი შეუშალა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დედაქალაქში, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა, ხელი შეუშალა თავშესაფრის ვეტერინარებს საქმიანობაში.

აქციის მონაწილეებს შორის იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა პროვოკაციის მოწყობას.

მოქალაქეთა ნაწილი ასევე, არ დაემორჩილა ადმინისტრაციის წარმომადგენლების მითითებებს, რომლებიც მზად იყვნენ, მათთვის კანონის ფარგლებში ეჩვენებინათ თავშესაფრის ტერიტორია და გაეცნოთ სამუშაო პროცესი.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები, შესაბამისად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, იქ უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. უფრო მეტიც, მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები, რაც როგორც უსაფრთხოების ნორმების, ისე კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დაცულია შესაბამისი სანიტარიული ნორმები, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს შინაგანაწესისა და კანონის სრული დაცვით. ასევე, თავშესაფრის ტერიტორიაზე არ არსებობს კრემატორიუმი, რომელსაც აქციის მონაწილეები ეძებდნენ.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, დაემორჩილონ კანონს, რადგან ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა კანონდარღვევას წარმოადგენს, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მზადაა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაბამისი ნორმების დაცვით, თავშესაფრის ტერიტორია დაათვალიერებინოს და სამუშაო პროცესი გააცნოს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დიდხანს უნდა გვყავდე, სითბო და სიყვარული არ მოგაკლდება ნენა“ - ნათელა ბებო 81 წლის გახდა

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

⭕როგორ წარიმართება პატრიარქად კურთხევის ცერემონია, სად ხდება აღსაყდრება - ყველაფერი რაც, ამ თემაზე უნდა იცოდეთ!