Digest Logo

თეა წულუკიანი - „აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძისა და მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისთვის საკმარისი ინფორმაცია არსებობს“

1744404447
თეა წულუკიანი

„აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძისა და მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისთვის საკმარისი ინფორმაცია არსებობს“, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა კითხვას, აფრასიძეების საქმეზე კომისიის დასკვნა შესაძლებელია თუ არა გახდეს კონკრეტული სუბიექტების და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საფუძველი და აღნიშნა, რომ ამის დიდი იმედი აქვს.

„დიდი იმედი მაქვს ამის, რადგან გიორგი ბარამიძის და მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისთვის, ვფიქრობ, საკმარისი ინფორმაციები არსებობს, რომ ერთმა დაკვეთა გააკეთა, დაკვეთის ავტორია. მას თავად აქვს აღიარებითი ჩვენება მიცემული საჯაროდ პრეზიდენტობის პირობებში, როდესაც ერთ-ერთ სასტუმროს ხსნიდა, იქ თქვა, რომ დიახ, მე დავუკვეთე აფრასიძეების წინააღმდეგ ეს სპეცოპერაცია და ასევე, გიორგი ბარამიძე, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. ის პირადად ხელმძღვანელობდა ჯერ ქუთაისის აეროპორტიდან და შემდეგ უკვე ადგილზე ამ პროცესებს.

დღეს გავიხსენეთ ის აბსოლუტურად ცინიკური მიდგომა, რაც ჰქონდა, რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება, რაც მოხდა, რეალობა, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს ორი სახლი. ერთ სახლში არის დაჭრილი ევგენი აფრასიძე, ჯერ კიდევ ცოცხალი. ამ სახლს უკიდია ცეცხლი და შიგნით იწვის ცოცხალი ადამიანი. შეგროვილ მეზობლებს არ უშვებენ, რომ გამოარიდონ ხანძარს ჯერ კიდევ ცოცხალი დაჭრილი ადამიანი. მისი ორი შვილი გამოყვანილი ჰყავთ ხელბორკილებით და ერთ-ერთი იქვე დახვრიტეს ისე, რომ ის ხელბორკილებით წინააღმდეგობას ვეღარ და აღარ უწევდა. მეორე დასერეს დანებით და გადააფარეს უკვე ზეწარი, რომ გარდაცვლილიაო და როდესაც სხეული შეირხა, მიხვდნენ, რომ ცოცხალია და ამ დროს იმდენი მეზობელი იყო შეკრებილი, რომ ვეღარ მოკლეს. წაიყვანეს ქუთაისში და აბსოლუტურად ნარკოზის გარეშე, დაგვიანებით ჩაუტარეს ოპერაცია და ამ ყველაფრის ფონზე, რაც იქ ხდება, რაც მე ახლა აღვწერე, შს მინისტრი გიორგი ბარამიძე მეზობლებს სთხოვს კუბდარის მომზადებას, რომ სვანეთისთვის დამახასიათებელი სტუმარმასპინძლობა გამოიჩინონ. შესაბამისად, მტკიცება ყველაფრის იმის შესახებ, რომ ის იქ არ იმყოფებოდა, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა და ა.შ, არის ტყუილი მცდელობა და ვფიქრობ, რომ ამ ორი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ, შესაძლებელია, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, განხილვა მაინც სისხლის სამართლებრივი წესით“, – განაცხადა წულუკიანმა.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ვინაიდან ეს დანაშაული მომხდარია 2004 წლის მარტში, შესაბამისად, გარკვეული ვადები მოქმედებს გამოძიების წინააღმდეგ.

„რა საკვირველია, დრო ყველა გამოძიების წინააღმდეგ მუშაობს ხოლმე და ეს ასე არის ამ შემთხვევაშიც. ეს დანაშაული მომხდარია 2004 წლის მარტში, შესაბამისად, გარკვეული ვადები მოქმედებს გამოძიების წინააღმდეგ და ეს უკვე საშური და სასწრაფო საქმეა. თუმცა აქვე დავსძენ, რომ პროკურატურას რა გამოძიებაც აქვს ჩატარებული, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმ ეტაპამდე, რა ეტაპამდეც საქმე არის მიყვანილი, ეს გამოძიება მაღალპროფესიულ დონეზეა უკვე ჩატარებული. დაზარალებულებს თავის სტატუსი ცნობილი აქვთ და ბევრი მტკიცებულებაა შეკრებილი. ახლა საჭიროა უკვე მეორე ნაწილისთვის უფრო მეტი ყურადღების მიქცევა“, – განაცხადა წულუკიანმა.