პაატა ბურჭულაძე – მასზე რა შეგვიძლია ისეთი ვთქვათ, რაც არ ითქვა, დაიწერა. ამიტომ, რეგალიებს არ ჩამოვთვლი. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ალბათ, ადვილი არაა ამ ცხოვრებაში, როცა სიძულვილი და აგრესია ასე სჭარბობს, ბოლომდე შეინარჩუნო მაღალი რეპუტაცია, თითქმის ნახევარი საუკუნე ერთგულად ემსახურო საკუთარ პროფესიას, მაყურებელს, მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სცენაზე იდგე წამყვან ვარსკვლავებთან ერთად, მერე ყველა ეს დიდებული პიროვნება გახდეს შენი ნამდვილი მეგობარი, გქონდეს ბევრი საქმიანი თუ არასაქმიანი შეხვედრა, უამრავი რეპეტიცია, დიდი ოჯახი და, ამასთან, იყო დიდი ქველმოქმედი, ყველა ეს ვარსკვლავი შენი უდიდესი პატივისცემის ნიშნად ჩამოდიოდეს ყველა შენ მიერ დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტზე სრულიად უსასყიდლოდ და აკეთებდეს იმას, რაც შენ გინდა. ადამიანების გულის გასახარად ამაზე მეტი კიდევ რა არის საჭირო? ერთ მხარეს ნასიამოვნები მაყურებელი და მსმენელი, მეორე მხარეს – უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების, ბავშვების, დედების მადლიერების ცრემლით გაბრწყინებული თვალები და ღიმილი. მასთან ინტერვიუც ასეთ მყუდრო, თბილ გარემოში ჩაიწერა ჩვენთვის საინტერესო კითხვებისდა მიხედვით.
– ბატონო პაატა, აი, დადგა 2023 წელიც. ჯერ ადრეა, ვისაუბროთ ახალ წელზე, თუ ვის რა ცვლილებებს, სიახლეს მოუტანს ცხოვრებაში, სამაგიეროდ, შეგვიძლია, შევაჯამოთ განვლილი წლები, რა ზიანი ან სიხარული მოგვანიჭა ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის წელმა. საერთოდ, რა არის ყოველი ახალი წლის მოსვლა თქვენთვის? რაიმე შიშის, კარგის მოტანის მოლოდინის თუ სხვა განცდებს აღძრავს?
– საერთოდ, ძალიან მიყვარს ახალი წელი, ჩემი დაბადების დღე. ზოგი რომ ამბობს, რა არის ეს დაბადების დღე? ერთი წელი მოგემატა, რა უნდა გიხაროდესო. პირიქით მგონია. ღმერთს მადლობა, რომ კიდევ ერთი წელი მოგვცა და კიდევ გაძლევს საშუალებას, რომ იცხოვრო ამ ქვეყანაზე. ცხოვრება, მიუხედავად სირთულეებისა, მაინც მშვენიერია, ყველას გვეხალისება. არავის უნდა მისი დატოვება. ამიტომ, ახალი წელიც იმავენაირად სასიამოვნოა ჩემთვის, როგორც დაბადების დღე.
– და მაინც, რა იყო გასული ბოლო ოთხი-ხუთი წელი თქვენთვის?
– ჩემთვის გასული წელიც კარგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცუდიც მოხდა, უახლოესი მეგობარი დავკარგე, მაგრამ თვითონ წელი კარგი და მნიშვნელოვანი იყო.
– ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხართ? ეზოტერიკა თუ გაინტერესებთ, ვარსკვლავები, ნიშნები?
– ზოდიაქოს ნიშნით მერწყული ვარ. ყურადღებას ვაქცევ, კი. მაგალითად, თმას ვიკრეჭ მხოლოდ იმ დღეს, როდესაც ვიცი, რომ ვარსკვლავების მიხედვით, ეს შეიძლება. ვკითხულობ, როდის არის კარგი და როდის – ცუდი დღე. რაც მე მჭირდება იმას ვკითხულობ, ცოტა ძნელი იყო ბოლომდე ჩაწვდომა, ბოლომდე არც მაინტერესებს, მაგრამ მაინც.
– თქვენ „ფეისბუკის“ აქტიური მომხმარებელი ხართ. კარგად აითვისეთ ინტერნეტსივრცე?
– „ფეისბუკიც“ და „ინსტაგრამიც“ მაინტერესებს, მჭირდება, ტელეფონშიც კარგად ვერკვევი. რაც მაინტერესებს და რამდენადაც მჭირდება ავითვისე და მაქვს. ამ ყველაფრის ერთად ათვისებას, ახალ ტექნოლოგიებში გარკვევას, ერთი ინსტიტუტის დამთავრება სჭირდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: tbiliselebi.ge