მეტაფიზიკოსმა ვატო მსხილაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ ვერ ახერხებს ადამიანების უმეტესობა პიროვნულ ცვლილებასა და შინაგან განახლებას.
მისი თქმით, ტრანსფორმაციის პროცესში მთავარი დაბრკოლება ცნობიერებისა და ქცევის დისონანსია, როდესაც ადამიანი უჯრედულ დონეზე იცვლება, მაგრამ ძველი ჩვევებისა და დოგმების ჩაბღაუჭებას განაგრძობს:
„ტრანსფორმაციას 100-დან 99 წარუმატებლად ასრულებს. მიზეზი არის ის, რომ როდესაც უჯრედულ დონეზე განიცდი ცვლილებებს, მაგრამ ცხოვრებას აგრძელებ ზუსტად ისე, როგორც აქამდე ცხოვრობდი და თან ჯიუტად გაიძახი ვიცი, ვიციო, სინამდვილეში ჰგავხარ ადამიანს, რომელიც ცვლილებების დინებას ეწინააღმდეგება და საკუთარ თავს შიგნიდან ანგრევს.
ჰგავხარ ადამიანს, რომელიც პაპანაქება ზაფხულის დადგომისას ისევ ძველ, მძიმე ზამთრის ტანსაცმელში რჩება, წინააღმდეგობაში მოდიხარ ახალ რეალობასთან, იწვები, იხარშები და მაინც ჯიუტად განაგრძობ გზას.
ჰგავხარ გველს, რომელიც უკვე გაიზარდა, მაგრამ ძველი ტყავის დათმობაზე უარს ამბობს და საკუთარ, უკვე დაპატარავებულ გარსში იგუდება.
ჰგავხარ ხეს, რომელიც გაზაფხულზე გამხმარ ფოთლებს ებღაუჭება და ახალ კვირტებს სიცოცხლის საშუალებას არ აძლევს.
ჰგავხარ მდინარეს, რომელმაც ახალ, უფრო განიერ კალაპოტში უნდა გააგრძელოს დინება, მაგრამ ძველ ჯებირებში რჩება და საბოლოოდ ჭაობად იქცევა.
როდესაც შენი შინაგანი განახლება და გარედან მოხვეული ძველი დოგმატური ცრუ რწმუნებულობები და ჩვევები ერთმანეთს ეჯახება, ეს მუდმივი წინააღმდეგობა ქმნის უდიდეს ხახუნის ძალას, წნევას, ძაბვას, რომელიც აუცილებლად დაგანგრევს.
ჯობს დროზე მოხვიდე გონს“, - წერს ვატო მსხილაძე.