
ყველასთვის საყვარელი ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ 30 წლის გახდა. ამ დროის განმავლობაში საზოგადოების სიყვარული არ მოგაკლდეს, სცენაზე იდგე და გესმოდეს, როგორ გყვება ყველა სიმღერაზე დარბაზი, მათ შორის ახალი თაობის წარმომადგენლები, რომელმაც ზეპირად იცის ყველა სიმღერის ტექსტი, ცოტა წარმოუდგენელი და რთულია. როგორც ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გურამ ლომიძე ამბობს, მათი მღერა გულიდან მოდის, ყოველ ბგერაში სიყვარულსა და სითბოს აქსოვენ და ამიტომაც მათ ნამღერს მსმენელი ზუსტად ხვდება და იგებს.
გურამ ლომიძე: ჩემი ცხოვრება „ქუჩის ბიჭებამდე“ ისეთი იყო, როგორც 90-იან წლებს შეეფერებოდა, ანუ, ცოტა შავი, ცოტა ბნელი და ცოტა მხიარული. სხვათა შორის, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სიმღერა, მინდოდა, მომღერალი გამოვსულიყავი, ეს შანსი მომეცა და ოცნებაც ამიხდა.
– როგორ მოხვდი 15 წლის ბიჭი ჯგუფში, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული იყო და რა ცვლილება მოახდინა „ქუჩის ბიჭებმა“ შენში?
– იყო პერიოდი, როცა ბირჟა, ქუჩა და ძველბიჭობა იყო მოდაში და რასაკვირველია, პატარა ბიჭები აყოლილი ვიყავით იმ ცხოვრებას. მაშინ რუსთავში ვცხოვრობდი, რომელიც იმ პერიოდისთვის საკმაოდ კრიმინალური ქალაქი იყო. მეც არ ვიყავი არავისზე ნაკლები და გარდატეხის ასაკში, როცა ჩემი მეგობრები დაიჭირეს, მშობლებმა, გზას რომ არ ავცდენოდი და მეც ციხეში არ მოვხვედრილიყავი, გამარიდეს იმ გარემოს და სოფელ ახალდაბაში, მამაჩემის დედ-მამასთან მომიწია გადასვლა. იქ გავაგრძელე სკოლაში სწავლა. იმ პერიოდში, მხიარულთა და საზრიანთა შეჯიბრებები ტარდებოდა და მათში ჩვენი სკოლაც მონაწილეობდა. სხვათა შორის, „მანსანკანში“ პირველი ადგილი ავიღეთ. ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ ბავშვთა ფედერაციის პრეზიდენტი, ქეთინო ნოზაძე და ზურა ხაჩიძე, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა ჯგუფი. მათ შემამჩნიეს. პაატა ხაჩიძე, რომელიც პირველ ხმას მღეროდა, იმ დროს ჯარში იყო გაწვეული და ჯგუფისთვის, დროებით, პირველ ხმას ეძებდნენ. მაშინ, ჯგუფი ექვსი კაცისგან შედგებოდა – პაატა და ზურა მღეროდნენ და დანარჩენები ცეკვავდნენ. მაშინ ჯგუფს ერქვა „ქუჩის ბიჭებს პლუს ორი“. მოკლედ, შემამჩნიეს „მანსანკანში“, თან გამარჯვებული ვიყავით და თან მამიდაჩემი მაშინ გამგებლის მოადგილე იყო და რასაკვირველია, ჯგუფს ხელს შეუწყობდა. შემოთავაზება რომ ჩემამდე მოვიდა, დიდი სიამოვნებით მივიღე. მე რომ მივედი, ჯგუფში პიკასოც, ირაკლი ნოზაძეც მოიაზრებოდა. მაშინ ის უკრავდა როკჯგუფში, რომელსაც „როკმიქსი“ ერქვა და ერთი-ორჯერ ხმის ოპერატორად წამოგვყვა კონცერტებზე, რომელსაც სოფლებში ვატარებდით. ბანი მოგვცა და ჩვენს ხმებს ძალიან მოუხდა, მოგვეწონა. მერე, პაატაც დაბრუნდა, რაღაც პერიოდი კი ჩვენთან მისი ძმაც იყო. ასე რომ, ხუთ ხმაში ვმღეროდით. მერე, პაატას ძმა წავიდა, დავრჩით ოთხნი და ჩვენ გავაგრძლეთ სიმღერა ოთხ ხმაში. ასე რომ, 1999 წელს ჩამოყალიბდა ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“, ოთხი ბიჭით და იმ სახით, როგორი სახითაც დღემდე მოვედით. ამ პერიოდში უკვე 19 წლის ვიყავი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ემოციური შტორმი: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც 2025 წლის შემოდგომაზე შინაგან კრიზისს განიცდიან
⭕„რა ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ“ - გიორგი ქოჩორაშვილის ემოციური მილოცვა რჩეულს
⭕„გელოდებით ევროვიზიაზე, იბრძოლე ამისათვის“ - როგორ ეხმაურებიან ბარბარა სამხარაძის ახალ ფოტოებს
წყარო: tbiliselebi.ge