ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია მის მიმართ სოციალურ ქსელში გამოხატულ კრიტიკასა და ბულინგს ეხმაურება. ქირურგმა ღიად ისაუბრა იმ შეურაცხმყოფელ კომენტარებზე, რომლებსაც მისი ვიზუალის მისამართით წერდნენ და გაიხსენა, თუ როგორ გადაწყვიტა ამის გამო სამედიცინო შემოწმების გავლა.
შურღაიას თქმით, კრიტიკოსები ხშირად მის ფიზიკურ პროპორციებზე ამახვილებდნენ ყურადღებას:
„მაბულინგებდნენ, „რას ჰგავხარო“, „დიდი თავი გაქვსო“, „თავი უფრო მსხვილი გაქვს ტანთან შედარებითო“. მივედი და შევიმოწმე ეგ თავი ანთროპოლოგიურად. რა ვიცი, იქნებ მე ვერ ვხედავ და რაღაც პრობლემა მქონდა“, - აღნიშნავს ქირურგი.
ციცინო შურღაიამ პარალელი დაავადებების მქონე პაციენტებთან გაავლო და აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც სხვების ვიზუალზე ნეგატიურად ფოკუსირდებიან, რეალურად საკუთარ პრობლემებს გაურბიან:
„ადრე იყო წესი ასეთი - ექიმი პაციენტს დიაგნოზს არ ეუბნებოდა. ამიტომ, ის ხალხი, ვინც ასეთ რამეებზე ამახვილებს ყურადღებას, არის ხალხი, ვისაც არ სურს საკუთარი დიაგნოზის მოსმენა“.
ქირურგმა ასევე ახსენა თავისივე ადრინდელი, საზოგადოებაში ფართოდ განხილული და ხმაურიანი განცხადება „ინტელექტუალების“ შესახებ, რამაც საზოგადოების ნაწილის მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. მისი შეფასებით, ამ გამონათქვამზე სწორედ ისინი გაღიზიანდნენ, ვისაც ეს პრობლემა უშუალოდ ეხებოდა:
„მაგ ცნობილი განცხადებით ინტელექტუალებზე, ის გავიგე, რომ ბევრი გვყოლია ასეთი ადამიანები, გაღიზიანდნენ“, - აცხადებს ციცინო შურღაია.