საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ფრანგულ YouTube არხზე Nouvelle Énergie (დავიდ ლინართან ერთად) გასულ ინტერვიუში ქართველი სპორტსმენების ფსიქოლოგიასა და მათთან მუშაობის სპეციფიკაზე დეტალურად ისაუბრა.
ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, როდესაც უცხო ქვეყანაში მიდიხარ, შეუძლებელია ყველაფერი საკუთარი სურვილისამებრ წარმართო. აუცილებელია ადგილობრივი ტრადიციების, მენტალიტეტისა და ფეხბურთისადმი არსებული ხედვის პატივისცემა.
სანიოლის თქმით, მას ჰქონდა მთავარი უპირატესობა - დრო, რაც გუნდის მშენებლობის პროცესში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
გასახდელში არსებულ ატმოსფეროზე საუბრისას, ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ქართველ მოთამაშეებთან მკაცრი რიტორიკა არ ამართლებს.
„ქართველები სრულიად განსხვავებული კულტურის ხალხია. თუ მათზე ყვირილს დაიწყებთ საკუთარ ნაჭუჭში იკეტებიან და აღარაფერი ესმით. ოდნავ თინეიჯერებივით იქცევიან. შესაბამისად, როდესაც გაბრაზებულიც ხარ, იძულებული ხდები უფრო რბილი ლექსიკა მოძებნო. ეცადო, ემოციები გვერდზე გადადო და ყურადღება უშუალოდ შესასრულებელ ამოცანასა და სამუშაოზე გადაიტანო“, - აცხადებს ვილი სანიოლი.
მიუხედავად ფსიქოლოგიური თავისებურებებისა, ფრანგმა აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებში მისი ხელმძღვანელობით მოთამაშე ფეხბურთელები მოედანზე მაქსიმალურ ენერგიას ტოვებდნენ.
„ზოგჯერ ეს გაამართლებს, ზოგჯერ - ვერა, თუმცა მთავარი მიზანი მაინც ესაა: ბოლომდე დაიხარჯო და ყველაფერი გაიღო. დასასრულს კი ვიტყოდი, რომ გამარჯვება ყოველთვის ჩვენი კუთვნილება არ არის“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: newshub.ge