„დღეს ევროპაში სატრანსფერო „ფანჯარა“ იხურება და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ტრანსფერი უკვე განხორციელდა. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ საბა გოგლიჩიძე „ემპოლიდან“ „იუვენტუსში“ მაინც გადავიდეს“, – ამას გამოცემა Juvefc-ი წერს.
„იუვენტუსს“ პიერ კალულუს ტრავმის გამო მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევს. ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკასთან“ მარცხამდე კლუბის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ „ბიანკონერი“ აღარ იყო დაინტერესებული ახალი ფეხბურთელებით, რადგან უკვე შეიძინეს ალბერტო კოსტა, რანდალ კოლო მუანი და რენატო ვეიგა.
თუმცა, ბევრის აზრით, 52 წლის სპეციალისტი ახალ ტრანსფერზე კულუარულად მუშაობდა. იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „იუვენტუსმა“ ლოიდ კელი „ნიუკასლიდან“ ან ჟან-კლერ ტოდიბო „ვესტ ჰემიდან“ შეიძინოს, რადგან ინგლისელები იჯარისთვის ზედმეტად დიდ თანხას ითხოვენ. შესაბამისად, წყარო თვლის, რომ „იუვენტუსის“ ორივე ძირითადი კანდიდატი სერია A-ში თამაშობს.
პირველი კანდიდატი „უდინეზეს“ მცველი თომას კრისტენსენია, რომლის სატრანსფერო ღირებულებასაც Transfermarkt-ი 4.5 მილიონ ევროდ აფასებს. მეორე კი „ემპოლის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე, რომელიც მიმდინარე სეზონში სერია A-ს ერთ-ერთი აღმოჩენაა. ქართველმა ტოსკანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა, ხოლო მისი სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა, სავარაუდოდ, „ემპოლი“ უფრო მეტს მოითხოვს“, – წერს ტურინული გამოცემა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩვენი ბულბული...“ - ნინო ჩხეიძე ახალ კადრებს გვიზიარებს
წყარო: 1tv.ge