არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მადლიერების სულიერ მნიშვნელობაზე, ბიბლიურ მაგალითებსა და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებზე ისაუბრა.
მოძღვარმა ამერიკული მადლიერების დღის ისტორიასა და ქრისტიანულ რიტუალებს - კვირის წირვასა და ფერისცვალების დღესასწაულს შორის პარალელები გაავლო და აღნიშნა, რომ ადამიანმა უპირველესად ცათა სასუფეველი უნდა ეძებოს, რადგან სხვა ყველაფერი ღვთის მადლით ეძლევა:
„პირველ ადამიანებს ადამს და ევას ეხება ეს თემა. როცა ისინი ღმერთმა სამოთხის ბაღში შეიყვანა ისინი მალევე დაეცნენ და ერთგვარი უმადურება დაეუფლათ. სწორედ აქედან მოდის სასჯელები ადამიანებზე. მაგრამ ძალიან ბევრი მადლიერების გამოხატულება გვქონდა ბიბლიაში, როდესაც მაგალითად, კაენი და აბელი წირავენ მსხვერპლს ღმერთისთვის. კაენის მსხვერპლს არ შეიწირავს უფალი, აბელისას შეიწირავს.
ამერიკაში მაგალითად მადლიერების დღეს აღნიშნავენ. რატომ აღნიშნავენ ისინი? როდესაც მე-17 საუკუნეში გადაცხოვრდნენ ინგლისელები იქ, ერთ-ერთი რთული წელი გაიარეს, ბევრი ადამიანი დაიხოცა სიცივისგან. იქაური ტომები მათ დაეხმარნენ მოსავლის მოყვანაში, როდესაც ნაყოფი მოიწიეს შემოდგომაზე, აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს აღენიშნათ მადლიერების დღე. ეს ერთგვარ ტრადიციად იქცა და დღესაც გრძელდება. ნოემბერში მეოთხე ხუთშაბათს აღნიშნავენ მადლიერების დღეს.
სხვადასხვა ქვეყნებში ტრადიციები სხვადასხვაგვარად არის, ამიტომაც თარიღიც განსხვავებულია. ჩვენთან, როდესაც კვირას წირვას ვატარებთ, ეს დღეც მადლიერებას უკავშირდება და ქრისტიანები სწორედ ამიტომ დადიან ეკლესიაში. ასევე საინტერესო პარალელია ფერისცვალების დღესასწაულთან, როდესაც პირველი ხილი მიაქვთ ტაძრებში და წირავენ ღმერთს, ნუ ეს გადატანითი მნიშვნელობითაა და ძღვენი გაჭირვებულ ადამიანებს ურიგდებათ. ეს არის მადლობის გამოხატულება.
ზოგადად ადამიანების უმეტესობას ბევრი მოთხოვნილებები ტანჯავს. უფალი ამბობს, რომ პირველ რიგში ცათა სასუფეველი უნდა ვეძებოთ, დანარჩენს ყველაფერს თავად გვიბოძებს. ჩვენი ბუნება პირიქით იქცევა, ყველაფერს ვეძებთ ცათა სასუფევლის გარდა. ღმერთის გარეშე ადამიანი ვერაფერს მოიპოვებს, ვერც სიმდიდრეს, რომც მოიპოვოს ამას მადლი და ფასი არ ექნება“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ კალათბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება