
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალ მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა - აღნიშნულ თანამდებობაზე იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
„დაიჯესტი“ 34 წლის მინისტრის შესახებ ნაკლებად ცნობილ ამბებზე მოგიყვებათ:
ახალგაზრდა, ენერგიული და უკვე შთამბეჭდავი კარიერით გამორჩეული ქვრივიშვილი წარსულში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარებაზე მუშაობდა, ახლა კი მთელი ქვეყნის ეკონომიკური კურსის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად იქცა.
„დიდი პატივია ვიყო ამ კაბინეტის წევრი, 7 წლის განმავლობაში რა გამოცდილებაც დავაგროვე ვფიქრობ, დამეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კუთხით“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მანამდე, მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახლდათ.
კერძო სექტორიდან საქართველოს ხელისუფლებაში
კარიერის ადრეულ ეტაპზე ქვრივიშვილი წარმატებით თანამშრომლობდა არაერთ საერთაშორისო ავიაკომპანიასთან. Salam Air, Flynas, Jazeera Airways და Gulf Air - ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომელთა პირდაპირი რეისების ოპერირება და საქართველოში წარმომადგენლობის გახსნა, სწორედ მარიამის გუნდს უკავშირდება. ბათუმსა და ქუთაისში ახალი მიმართულებების დამატება მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად ითვლება.
პოლიტიკაში ნაბიჯები
მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მარიამ ქვრივიშვილის სახელი გიორგი გახარიას გუნდს დაუკავშირეს, საბოლოოდ მან პოლიტიკური გზა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამთავრობო გუნდში განაგრძო.
პირადი ცხოვრება — ვინ არის მარიამის მეორე ნახევარი?
მარიამ ქვრივიშვილი დაქორწინებულია ოთარ (ოთო) ბერიშვილზე, რომელიც კერძო სექტორში საქმიანობს.