იმერეთის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეზე მუქარისა და შანტაჟის ფაქტი დაფიქსირდა, სასწავლო პროცესი შეჩერებულია - დირექტორი და მასწავლებლები საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარებას ელოდებიან.
გამომძიებლების კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ გახდება ცნობილი, მალავდა თუ არა სკოლის ადმინისტრაცია ერთი წლის განმავლობაში თანაკლასელის მხრიდან არასრულწლოვან გოგონაზე მუდმივ შანტაჟსა და მუქარას.
განათლების სამინისტრომ კი საგანგაშო ფაქტის მოკვლევა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ინფორმაცია მედიამ გაასაჯაროვა.
„დაწყებულია გამოძიება, როგორც ვიცით, დაადგენს ყველაფერს გამოძიება. ამ ეტაპზე ჩვენ ვერაფერს ვერ გეტყვით... ვასწავლიდი და ვიცნობდი, რა თქმა უნდა, ხალისიანი, კარგი ბავშვი არის და გამიკვირდა, ნამდვილად, რომ ვნახე“, - ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი.
შეგახსენებთ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე გოგონა თანაკლასელის მხრიდან ბულინგისა და შანტაჟის მსხვერპლი გახდა. მას მუქარის შემცველი წერილი და ბასრი საგანი რამდენიმე დღის წინ ჩანთაში ჩაუდეს, რითაც აიძულებდნენ, რომ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „უდინეზესთან“ თამაშის შემდეგ, ხვიჩა „ნაპოლის“ ვარჯიშზე მივიდა
„უზარმაზარი რიგიდან, სულ პირველებს პრივილეგირებულად გაგვატარეს კონტროლი“ - რას წერს ნათია ოსანაძე