ქალაქ ლანჩხუთში დაბადებულ 77 წლის ცნობილ ჟურნალისტსა და ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას ყველა იცნობს, თუმცა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ალბათ, ცოტამ იცის.
ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში არაერთი ქვეყანა და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მოხვედრილა. ის წლების განმავლობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფოტომემატიანეა და მისი უწმიდესობის კურთხევით, ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა. ის ოთხი საავტორო ალბომის ავტორია.
„დაიჯესტი“ გთავაზობთ ინტერვიუს შესანიშნავ ფოტოხელოვანთან, რომლის წაკითხვის შემდეგ ბადრი ვადაჭკორიას ახლოდან გაიცნობთ.
- მოგვიყევით როგორი ბავშვობა გქონდათ, გაიხსენეთ თქვენი ოჯახი.
გადასარევად დავიბადე და გავიზარდე, მამა სამხედრო იყო, ოფიცერი, დედა კი დიასახლისი. თითო ნაკლი ორივეს ჰქონდა, გურულები იყვნენ (იცინის).
- რა იყო თქვენი ბავშვობის ოცნება?
მინდოდა გამოვსულიყავი ან ჟურნალისტი, ან კინორეჟისორი. საქართველოს მასშტაბით 10 ადგილი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტში და სწორედ იმ ათეულში მოვხვდი.
- რამდენი წლის იყავით, როდესაც ფოტოგრაფიამ გაგიტაცათ?
მე ვარ გამომცემელი, რაც საქართველოშია საიმიჯო წიგნები. მსოფლიოს ყველა პრეზიდენტი, პრემიერი, მეფე თუ იმპერატორი ჩემი წიგნაკებით იცნობს საქართველოს. წიგნების რაოდენობა, სადაც თავად ვარ ავტორიც და ფოტოების ავტორიც, არის 18.
- რა არის თქვენთვის ფოტოგრაფია და ყველაზე მნიშვნელოვანი კადრი, რომელიც თქვენს ობიექტივმა ასახა.
ძალიან ბევრია. რაც აღარ დაბრუნდება, ის კადრი ყველა საინტერესოა, რისი თავიდან გადაღებაც აღარ შეგიძლია ადამიანს.
- გაიხსენეთ პატრიარქთან ურთიერთობა, რა მნიშვნელოვან დეტალს გაიხსენებდით იმ პერიოდიდან, როდესაც თქვენ პატრიარქის პირადი ფოტოგრაფი იყავით?
მისი ფოტოგრაფობა თავისი სურვილი იყო. მე ჩემს პატრიარქს ანაზღაურების გარეშე ვემსახურებოდი, ყველგან უცხოეთში სადაც კი იყო, მე მიახლებდა ხოლმე. მასთან მუშაობა უადვილესი იყო. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, რითაც ძალიან ბედნიერი ვიყავი. 70 წელი რომ შემისრულდა, ჩემი ოჯახით თავისთან მიმიწვია, მითხრა - ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებიო. ბოლოს მითხრა, იმდენი კარგი საქმე გაქვს გაკეთებული, 120 წლამდე იცოცხლებო.
- როგორც ვიცით, რეგიონებში ხშირად დადიხართ, საქართველოს რომელ კუთხეს გამოარჩევდით, სადაც ყველაზე საინტერესო ბუნება გხვდებათ?
საქართველოში ყველაფერი საინტერესოა, ძალიან მიყვარს მესხეთ-ჯავახეთი, საოცრად მიყვარს ფოტონადირობა და ამ კუთხეში უამრავი ფრინველია, ბუნებაც ძალიან საინტერესოა. დუშეთი, სვანეთი ყველაზე ფოტოგენური კუთხეებია.
- ყველაზე მეტად რა გიყვართ თქვენს პროფესიაში?
ახლა აღმოვაჩინე, რომ თურმე საოცარი პროცესია, ჯერ კიდევ პუბლიცისტმა მივიღე ჯერ კიდევ „ოქროს ფრთა“. ჟურნალისტად ვმუშაობდი უცხოეთში, ვარ ყოფილი დიპლომატი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გავატარე 4წელიწად-ნახევარი. ტელევიზიის სპეციალური კორესპონდენტი ვიყავი, ხელიდან არ გამიშვია არც მიკროფონი და არც კამერა.
- რას ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ თქვენი კოლეგებისგან და რა არის თქვენი ძირითადი ნიშა?
ძალიან ლამაზი ბიჭი ვარ და იმიტომ(იცინის). იმ დღეს კოლეგებში ვიყავი სუფრასთან და ისეთი სადღეგრძელოები მომიძღვნეს, ზოგს სულაც არ ვიცნობდი, ისეთი ნიუანსები გაიხსენეს, რაც დავიწყებული მქონდა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, როცა მოვისმინე რამდენი სიკეთე მიკეთებია.
- კომპლიმენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება…
უამრავია, დაბადების დღესაც კი ასობით და ათასობით კი არა, ათი ათასობით ადამიანი მილოცავს, რომელსაც ვერც კი ვწვდები, რომ ყველა წავიკითხო.
- რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი დევიზი.
გაბრიელს შევაყვარო საქართველო. აკეთეთ სიკეთე, ყველაფერი გვიბრუნდება ცხოვრებაში. სიკეთის კეთება გაცილებით მარტივია, ვიდრე ცუდის. ის ცუდიც დაგიბრუნდება ადამიანს.
- წლების გასვლის შემდეგ, როგორ გგონიათ, რას დაუტოვებთ შთამომავლობას თქვენი შემოქმედების სახით?
სიყვარულს.
ავტორი: მედეა ლომიძე
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ქუთაისში „გოლიათი“ ბავშვი დაიბადა - ახალშობილის დედის პირველი კომენტარი
⭕„ჩემი ბავშვობის ფოტო, რომელიც ჩემს ძმას ჩემოდანში ედო“ - ნუცა ბუზალაძის ემოციური ფოტო
⭕„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის შესახებ...“ - ჰიპოკრატეს 11 რჩევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის