
ქართველ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილ გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, 10 აპრილს იუბილარი იყო, იგი 41 წლის გახდა. მწერალს ჰყავს მეუღლე და მალე მამა გახდება. ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ორიათასიანების დასაწყისია. სტუდენტობის პროლოგი. თვეში ერთხელ ვაგზლის მოედანზე ავტობუსს ვხვდები და მძღოლს „გამოტანებულს“ ვართმევ: ჭადი, მოხარშული ქათამი და 30 ლარი. ჭადი, შებოლილი ყველი და 40 ლარი. კიდევ – დედაჩემის გრძელი წერილები, სადაც დიდწილად წერია, რომ უვარგისი გამოვდექი – აბა, ამდენი ხანი ტელევიზორში რაფერ არ ვჩანავარ ამფერი ნიჭიერი ბაღანა. ან ვხალტურობ, ანდა აფერი ნიჭიერი თურმე მე არ ვყოფილვარ – „აგდების“ თავისებური ხერხი იყო, ცხადია. თუმცა გაცვეთილი და ამაო.
ჰოდა, ეს დროა მეთქი, ცუდი დრო, და თან შეყვარებული დამშორდა. შფოთვის და ვალების ნაკლებობას მანამდეც არ ვუჩიოდი, მაგრამ ორივე გაორმაგდა. პირველი „მე“ მაიძულებს, დავწვე, საბანი წავიფარო - - ანუ დეპრესიის პარტიას უჭერს მხარს. მეორე მეუბნება, რომ რასაც დავპირდი განშორებულ გოგოს, ის აუცილებლად, აუცილებლად უნდა ავასრულო. მეორე ვალების პარტიის გულშემატკივარია. და ვისესხე ასი ლარი. და დინამოზე ვიყიდე მობილური ტელეფონი ,,მოპარულებში" - იყო ეგეთი განყოფილება მაშინ. ტელეფონი სახელად სონი-ერიკსონ რაღაცა. და გავუგზავნე იმ შეყვარებულყოფილს.
მოვიდა ვალის გადახდის დრო. ვისთან არ მივედი, არავის ჰქონდა. არც სამსახურის კონტურები ჩანდა და არაფერი. ჩემებს იმ ოცდაათი ლარის გამოგზავნაც უჭირთ და ახლა შევუთვალო, რომ ასი მინდა, არ გამოდის. უნდა ჩავიდე და ავუხსნა. ეგებ იქ ვისესხოთ სადმე ან რამე. დავიმატე ვალად კიდევ 11 ლარი, გზის ფული, და წავედი.
ცხოვრებაში ბევრი დრამატული სცენა ყოფილა. უამრავი. მაგრამ ეს მთავართაგანია. დედაჩემმა ტირილი დაიწყო. მამაჩემმა უხმოდ შემოდო კაჭკაზე უკანასკნელი თხილი და ჩასაბარებლად წაიღო. ღამით ქვევით დავრჩი. ოდნავ ციოდა. გარეთ – გაფითრებული მთვარე და რაღაც მეჩხერი ქარი, ხან რომ დაიწუვლებს და ხან დუმს. ზევით დედაჩემი ამბობდა, რომ დაიქცა ოჯახი. მამაჩემი არაფერს ამბობდა. და რომ არაფერს ამბობდა, სწორედ მაშინ მეგონა, გული გამისკდებოდა. უცებ შუქი მოვიდა. ვერ ვიძინებდი. რაღაც ხომ უნდა მექნა და ძველი მაგნიტოფონი ჩავრთე. კასეტაც ინერციით ჩავდე. სულ ოდნავ, თუ მოინდომებდი – შეუმჩნევლადაც, წელავდა. ABBA. I Have A Dream. არ ვიტყუები და არც ვაპოეტურებ ამბავს – მართლა ეს ჩაირთო, სწორედ მამაჩემის სულს გეფიცებით. სიტყვები ნორმალურად არც მესმოდა, უბრალოდ ვიჯექი და ვტიროდი. ვტიროდი და თან საიდანღაც ვგრძნობდი ახალ ძალას, რომლითაც ეს სამყარო უნდა გადამელახა – უფულო, უშეყვარებულო, უიმედო მშობლებით და გაზეთში გახვეული ჭადით.
იმ დღის შემდეგ მე სახლიდან არაფერი მომითხოვია. იმ სიმღერის შემდეგ, რომელიც თავისთავად და ცალკე შეიძლება არც არაფერია, მაგრამ ფრთხილ მთავრესთან, ქართან, ოდნავ სიცივესთან და ხმებთან, მშობლების და კაჭკის ბორბლების ხმებთან ერთად ყურებში ახლაც ჩამესმის. ცხოვრება შემთხვევითობების ჯაჭვია. ასეთი შემთხვევითი და სხვისთვის გაუგებარი ბიძგებით.
საგანგებოდ არასდროს, მაგრამ როცა წავაწყდები ან თვითმფრინავის მენიუში, ან მანქანაში, ვრთავ და ვუსმენ. ვუსმენ და იქ ვბრუნდები, იმ ოთახში. და ვგრძნობ – ყველაფერი, რასაც მივაღწიე, საკუთარ თავზე შურისძიებით მოხდა და აწიც ასე იქნება. იმ უცნაური საუნდტრეკით.
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა:
დღეს რომ მიხეილ სააკაშვილი არ ზის ციხეში, ჩვენნაირი ხალხისთვის ესეც წამებაა“,- წერს გიორგი კეკელიძე.