დიდ ხუთშაბათს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფერხთბანას, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას ვნების შვიდეული მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეებია.
ამ დღეების გახსენებით ყოველი ქრისტიანი სულიერად ბრუნდება იმ სამყაროში, სადაც მაცხოვარი ჯერ კიდევ კაცობრიობის გვერდით იყო.
„ვნების შვიდეული მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაძლევს საშუალებას შევხვდეთ, განვიცადოთ, თანავუგრძნოთ ადამიანად მოსულ ღმერთს თავის ტკივილებში" (დეკანოზი თეოდორე გიგნაძე).
ვნების კვირის დღეები განსაკუთრებით მძიმეა და თავისებური. წმინდა მამების სწავლებით, ვნების შვიდეულის დღეებით იკურთხება მთელი წლის დღეები.
ქრისტიანებისთვის ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. ამ დღეს ქრისტემ უკანასკნელი სერობა (ვახშმობა) გაუმართა 12 მოციქულს და თავის მოწაფეებთან უკანასკნელი საღამო გაატარა.
მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა", — შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: „სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“. ამით უფალმა დააწესა ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო — ზიარება (ევქარისტია). სწორედ ამიტომ, დიდ ხუთშაბათს მორწმუნის უზიარებლად დატოვება ერთ-ერთ მძიმე სასჯელად მიიჩნეოდა.
საიდუმლო სერობის დაწყებამდე მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს ფეხები დაბანა, ნიშნად სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა. დიდი ხუთშაბათის მსახურებაზეც მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფერხთბანის რიტუალს ატარებენ: მაცხოვარმა მსგავსად მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს ბანს ფეხებს.
დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა მირონის კურთხევა შეიძლება.
დიდი ხუთშაბათის საღამოს კი დიდი პარასკევის ცისკარი სრულდება, რომლის დროსაც ე.წ. თორმეტი სახარება, ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა. „თორმეტი სახარების“ კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.
თორმეტი სახარების მსახურების დასრულების შემდეგ მორწმუნენი ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ჯვარცმასთან მიდიან, დიდი მეტანიით ემთხვევიან და ტაძარს ტოვებენ.
ძველი ტრადიციის თანახმად, სანთელი, რომელიც თორმეტი სახარების კითხვისას მორწმუნეებს ხელში უჭირავთ, ანთებული მიაქვთ სახლში და შესასვლელი კარის თავზე სანთლის ალისგან წარმოქმნილი კვამლით ჯვარი გამოსახავენ.
დიდი ხუთშაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში საღვთო ლიტურგია აღევლინება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ 2 მაისი დიდი ხუთშაბათია - 5 რამ, რაც ამ დღეს უნდა გააკეთოთ