რუსკა ქარქაშაძის YouTube-არხზე, Ruska's Channel, ახალი ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც წამყვანი მაყურებელს სულიერ მოძღვარს, მამა დავით ოქრუაშვილს აცნობს. გულწრფელ ინტერვიუში სასულიერო პირი საკუთარ ცხოვრებისეულ გზაზე, მოძღვრად გახდომის ისტორიაზე, თანამედროვე ადამიანის მთავარ გამოწვევებზე, ტყუილის ძალასა და ოჯახური ურთიერთობების კრიზისზე საუბრობს. სასულიერო პირი ასევე იხსენებს თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ემოციურ დღეს.
ინტერვიუში მან საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეც გაიხსენა – 2020 წლის 26 ივლისი, როდესაც არაგვისპირის ტაძრის ეზოდან სახლში მიმავალი 15 წლის მისი სულიერი შვილი, ლიკა ზაქაიძე, ავტოავარიას ემსხვერპლა. ტრაგედია გოგონას დედის თვალწინ მოხდა.
„არასოდეს არ მავიწყდება ის ხმა, ყოველთვის, როდესაც ტაძარში შევდივარ, ჩამესმის ის საშინელი კივილი დედის. წარმოუდგენელი სინანული მაქვს იმის გამო, რომ ჩემ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე მოსული ბავშვი გარდაიცვალა და მე ის ვერ დავიცავი“,- იხსენებს სასულიერო პირი.
მოძღვარმა ისაუბრა საკუთარ გზაზეც - ჟურნალისტიკიდან სასულიერო ცხოვრებამდე. როგორც ამბობს, დაახლოებით ხუთი წელი აქტიურ ჟურნალისტიკაში გაატარა, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა. ოთხი წლის განმავლობაში სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, 2012 წელს კი დიაკვნად აღიკვეცა.
„სიყვარული არის ზმნა და ზმნა თავის თავში მოქმედებას გულისხმობს. ჩვენ გვიყვარს ადამიანი იმდენად, რამდენადაც შეგვიძლია მისთვის დავიხარჯოთ, მისთვის რაღაც გავაკეთოთ, მისთვის ჩვენი უკან გადავწიოთ. პატიება არ ნიშნავს რაღაცის გამართლებას. პატიება ნიშნავს იმ ტკივილისგან გათავისუფლებას, რომელიც შენში ამა თუ იმ საკითხმა თუ ადამიანის ქცევამ გააჩინა. შესაბამისად, პატიება მე მჭირდება პირველ ყოვლისა, რომ გავთავისუფლდე ამ სიმძიმისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ალბათ არის ის - არა რატომ მე, არამედ რისთვის? ეს კითხვა დავსვათ. თუკი ადამიანს აქვს იმისი ძალა, რომ განსაცდელში შეძლოს და ეს განსაცდელი აქციოს რაღაც უფრო დიდის დასაწყებად, ის ძალიან ძლიერი ადამიანია“,- ამბობს სასულიერო პირი ინტერვიუში.
ინტერვიუს დასასრულს, მამა დავითმა მაყურებელს მთავარი სათქმელიც გაუზიარა: ადამიანები ხშირად ზედმეტად ბევრს ვთხოვთ ერთმანეთს და გვავიწყდება, რომ შეცდომების დაშვება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა:
„ჩვენ ადამიანები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდები ვართ. ამიტომ მე მინდა ეს ფრაზა დავუტოვო ჩვენს მაყურებელს: არც ისეთი ცუდები ვართ და ადვილად ნუ ვატკენთ ერთმანეთს გულს“.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: