2006 წლის 2 მაისს, თბილისში, სანაპიროზე, იქ სადაც ადრე ჩოგბურთის კორტები იყო, ამჟამად იუსტიციის სახლია, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის საპოლიციო ძალებმა, რომლებიც იმ დროისთვის ფაქტობრივად სიკვდილის ბრიგადებად იყვნენ ქცეული, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილი, ხოლო 9 წლის შემდეგ 2015 წლის 20 იანვარს, შვილის საფლავზე ააფეთქეს სამართლიანობისთვის შემართული და შვილის მკვლელების განსასჯელის სკამზე დასასმელად თავგადადებული კაცი, იური ვაზაგაშვილი.
სააკაშვილის რეჟიმის მიერ დარბეული და დაზარალებული ოჯახის ტრაგედიაზე გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ ისაუბრეს. სტუმრად იური ვაზაგაშვილის და, ზურა ვაზაგაშვილის მამიდა, მანანა ვაზაგაშვილი იმყოფებოდა.
„მართალია 20 წელი გავიდა, მაგრამ მაგ დღეს ჩვენ რა დაგვავიწყებს, დღე არ გავა ზურა და იური არ გავიხსენოთ.
2006 წლის დილის საათებში, ჩემი რძალი, იურის მეუღლე უყურებდა ტელევიზორს და გადმოსცეს, რომ კორტებთან ჩატარდა სპეცოპერაცია, სადაც გადაადგილდებოდა დამნაშავეთა ჯგუფი და აჩვენეს მანქანა ჩაცხრილული. ციალამ მაშინვე დაურეკა იურის და წავიდნენ პროზექტურაში. რომ მივიდნენ, ჩემი რძალი ეხვეწა იქ მომუშავეებს, რომ ეჩვენებინათ შვილი. აინტერესებდა ცოცხალი იყო თუ რა ხდებოდა. არ აჩვენებდნენ, ეკითხებოდნენ, რა გვარია თქვენი შვილიო, ესე იგი გვარი არ იცოდნენ. რომ უთხრა ვაზაგაშვილიო, მერე მოხდა, რაც მოხდა.
ეს ბიჭები მოკლეს და ჩაცხრილეს ისე, რომ ვინაობაც არ იცოდნენ. ზურას პირადობა არ ჰქონდა და არ იცოდნენ ვინაობა. საინფორმაციოშიც არ გამოუცხადებიათ გვარები, რადგან არ იცოდნენ, უბრალოდ თქვეს, რომ საყაჩაღოდ მიდიოდნენ და ჩატარდა სპეცოპერაცია. როცა ჩემი ძმისგან და რძლისგან გაიგეს გვარი, მერე გადმოსცეს და გამოაცხადეს.
ამ დროს ხუბულოვს მტრობდა ირაკლი ფირცხალავა, რომელიც იყო კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე. მისი ძმა, ლევანი თურმე იყო ნარკოტიკების გამსაღებელი და ხუბულოვი ალბათ მომხმარებელი იყო და ჩაუშვა პოლიციასთან. ეს შურისძიება ამოძრავებდა ფირცხალავას, ისმინებოდა ხუბულოვის ტელეფონი და მან ზურას სთხოვა, სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა და წამიყვანეო. ზურა სიცხიანი იყო, მაგრამ უარი ვერ უთხრა. ესენი ჩაუსაფრდნენ, იყვნენ სპეცრაზმელები, სამოქალაქო და სპორტულ ფორმაში შეიარაღებული ადამიანები. აედევნნენ მანქანას და შეუქმნიათ სპეციალურად საცობი, რომ მანქანა დიდხანს გაჩერებულიყო და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ მანქანასთან და დაუწყეს სროლა. მანქანამ მანევრირება დაკარგა და შეეჯახა ბოძს. მიუხედავად ამისა, გააგრძელეს სროლა ბიჭების მიმართულებით, დაახლოებით 75 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი მანქანას. ექსპერტიზით დადასტურდა, რომ მანქანიდან არანაირი სროლა არ ყოფილა. გაჩერებულ მანქანაში მივიდა ცააძე და განახორციელა საკონტროლო გასროლა. ზურასაც და ხუბულოვსაც ესროლა.

მესამე ბიჭიც იჯდა მანქანაში, რომელიც ცოცხალი გადარჩა. ზურას უთქვამს, ნეტა რა უნდათ, რას გვერჩიანო.
საკონტროლო გასროლის შემდეგ, ბიჭებს იარაღები ჩაუწყვეს მანქანაში და ერთ-ერთი პოლიციელის მანქანა, მგონი ბეროძე იყო, იმის მანქანა დააყენეს ზურას მანქანის უკან, რამდენიმე მეტრის მოშორებით და ვითომ ზურას მანქანიდან იყო სროლა. ამ დროს არანაირი სროლა არ ყოფილა, მერე მანქანა გადაიყვანეს და შიგნიდან ისროლეს, რომ ფაქტი ჰქონოდათ, თითქოს მანქანიდან სროლა იყო.
სპეცოპერაციის პირველ კადრებში ჩანს, რომ არანაირი ტყვია არ ყოფილა უკანა საქარე მინაზე, მთლიანი იყო და მერე უკვე იყო დაზიანებები.
მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ცააძემ განახორციელა საკონტროლო გასროლა. მოქალაქეებიც იყვნენ და მგონი, თანამშრომლებიც.
ზურას ცხედარს უამრავი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ძალიან ძნელია გასახსენებლად, მაგრამ ძმისშვილი, იგივე შვილია და მომინდა უკანასკნელად მოვფერებოდი. ხელი რომ დავადე თავზე, თავის ქალა საერთოდ არ ჰქონდა, ბამბები ჰქონდა ჩატენილი. ხელები სულ დაცხრილული ჰქონდა, ტანი არ მინახავს.

8 მაისს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ცააძე ფულადი ჯილდოთი და სიგელით. იმის გამო, რომ „წარმატებული სპეცოპერაცია“ ჩაატარეს. როგორც მაშინ ვანომ {რედ.შენიშვნა მერაბიშვილი}თქვა, „ორი გვამი მინდა და პრემია დიდიო“.
როგორია ცალკე დედისთვის და მამისთვის ეს?!
იურიმ ყველა დეტალი იცოდა, მონაწილეობდა გამოძიებაში, ვინ სად იდგა, ყველაფერი იცოდა. ბოლოს ვიღაცამ მიაწოდა საშინელი კადრები, ზურიკოს ტვინი სავარძელზე, მანქანის სალონში, ეს საშინელი სანახავი იყო. იური ამის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, კვირაში 2-3-4 ჯერ მიდიოდა სასაფლაოზე და მარტო უნდოდა ყოფნა, ტიროდა მარტო“, - ჰყვება უმძიმესი ტრაგედიის შესახებ მანანა ვაზაგაშვილი.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„სხვაობა 14 წელი“ - ნინი შერმადინი ქალიშვილის ფოტოებს გვიზიარებს
🎥 „სახუმარო ამბავი ხომ არაა?!“ - დაჩი იოსელიანი 3 წლის გახდა