Digest Logo

14 წლიდან გათხოვება უნდათ, გაურკვეველ ინსტიტუტს ამთავრებენ, ბუნდოვანი სპეციალობით - თანამედროვე ქალთა სახეები თეა გვასალიას თვალით

1603380002
მთარგმნელი და ესპანური ენის პედაგოგი

პედაგოგი, მთარგმნელი და ჟურნალისტი თეა გვასალია სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში ქალთა სახეები რადიკალურად შეიცვალა.

გვასალია, ვეფხისტყაოსნის ქალთა სახეებიდან დღემდე არსებულ ცვლილებას უსვამს ხაზს და 21-ე საუკუნის ქალების სამ ტიპს გამოყოფს.

მაშ ასე:

„ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში“ ხომ ყველას დაგვიწერია სკოლაში, მაგრამ ეს მოძველებული ფორმატია, ეროვნულ გამოცდებზე შეიძლება „ქალთა სახეები 21-ე საუკუნის საქართველოში“ მოვიდეს და ა ბატონო, შპარგალკა.

დაიწყებთ ასე: გასული რვა საუკუნის განმავლობაში, ქალთა სახეებმაც განიცადა ევოლუცია და დღევანდელ საქართველოში შემდეგი სურათი მივიღეთ: გვყავს ქალების სამი ტიპი.

1. სწავლა რომ არ უყვართ, 14 წლიდან გათხოვებაზე ფიქრობენ, რაღაც გაურკვეველ ინსტიტუტს ამთავრებენ ბუნდოვანი დასახელების სპეციალობით, მესამე-მეოთხე კურსიდან თხოვდებიან, ქმრის ოჯახში მზითვად მიტანილ დიპლომს ისეთ ადგილას ინახავენ, ხანდახან ასლის გადასაღებად რომ სჭირდებათ, ვეღარ პოულობენ. ასეთი ქალები საუკეთესო ცოლები და კარგი დედები დგებიან. სახლი ყოველთვის დალაგებული აქვთ, საუზმე, სადილი და ვახშამი მრავალფეროვანი. ქმრებს თვალებში უყურებენ, რადგან თავიდან ბოლომდე მათზე არიან დამოკიდებულები. ღალატზე თვალს ხუჭავენ (სად წავიდნენ ორ-ორი ბავშვით), ის კი არა, საყვარლის ჯინაზე მესამესაც აჩენენ. თუ ქმრის ბიუჯეტი საშუალებას იძლევა, დაჰყავთ ბავშვები ყველაფერზე: ცურვაზე, ცეკვაზე,(ან ცეკვაში, გააჩნია დონეს) ინგლისურზე, ტანვარჯიშზე. არ აქვთ საკუთარი აზრი და რასაც ქმარი ჩასძახებთ, იგივეს იმეორებენ აუზის ფოიეში, თავისნაირ დედებთან ჭორაობისას.

2. ნიჭიერი, მიზანდასახული ქალები. ბავშვობიდან სწავლაზე ორიენტირებულები, აქტიურები, აქაც რომ ისწავლეს, საზღვარგარეთაც, ათას კონკურსში რომ გაიმარჯვეს, სამსახურში რომ შეუცვლელები არიან. შვილებს სწორად ზრდიან, საოჯახო საქმეებზე არ ცდებიან, დამხმარე ჰყავთ სახლში, რომ მცირე თავისუფალი დრო კატლეტების კეთებას კი არა, შვილებთან ურთიერთობას დაუთმონ და თუ ქმარიც იგივე ღირებულებებზე ორიენტირებული შეხვდათ, საუკეთესო ოჯახებს ქმნიან.

3. ბოლო, მესამე ჯგუფი: ასეთი ქალები, როგორც წესი ლამაზები ან ულამაზოები, მაგრამ ძალიან მოვლილები არიან, სწავლით თავი არ მოუკლავთ, დიპლომი აქვთ, მაგრამ არაფერი იციან, ოღონდ არც სახლში ჯდომა უნდათ. „რაღაც ისეთ“ სამსახურს ეძებენ, თვითონაც რომ არ იციან როგორს, მთავარია საქმე არ იყოს გასაკეთებელი და მილანში ნაყიდი კაბების გამომზეურების საშუალება ჰქონდეთ. როგორც წესი, შოულობენ კიდეც და იქ მომუშავე მეორე ჯგუფის ქალებს ზემოდან უყურებენ. ქმარი უნდათ ფულიანი (ჰყავთ კიდეც), ბავშვებს ძიძა უზრდით, რადგან მათთვის სამსახურის შემდეგაც არ სცალიათ. რა ქნან, ნინასთან/ნატუსიასთან/ ანკასთან არიან გასაქცევები, იმ საწყალის ქმარს საყვარელმა ბავშვი გაუჩინა და ხომ უნდა ანუგეშონ. წელიწადში 12 თვე გარუჯულები დადიან და სოლარიუმში გამომშრალ კანს ოქროს ძაფებით იჭიმავენ.

სხვა, პატარა ქვეჯგუფებიც არსებობს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ გამოცდის ფორმატი უზარმაზარი თხზულების დაწერის საშუალებას არ იძლევა“, - წერს თეა გვასალია.