Digest Logo

„15 წლიდან მუშაობდა, კაპიკები შეჰქონდა სახლში...“ - გიორგი კეკელიძე გიორგი ანწუხელიძის მამიდის ჩანაწერებს აქვეყნებს

1787046555
იორგი კეკელიძე

მწერალი და მკვლევარი გიორგი კეკელიძე საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მამიდის, ეთერ ანწუხელიძის ემოციურ და მძიმე მოგონებებს აქვეყნებს, სადაც ასახულია ანწუხელიძეების ოჯახის თუშური ფესვები, სიღარიბეში გატარებული წლები, ბავშვების გარდაცვალებით გამოწვეული უდიდესი ტკივილი და ის აღზრდა, რამაც გიორგი ანწუხელიძე სამშობლოსათვის თავდადებულ გმირად ჩამოაყალიბა.

„ჩემი და, ნათელა, ორი წლის და ნახევრის იყო, ანგელოზებმა რომ წაიყვანეს. მე ვუყურე, როგორ ჩამოუსვა ბებიამ თვალზე ხელი, ნაზად და ფრთხილად. როგორ დაახუჭინა. და როგორ უთხრა მერე ჩურჩულით:

„იარ, შვილ, იარეო,
თორე დაგიღამდებისაო.
პატარიც ხარ, დაგეშინებისაო.
დედისად - დიდ,
სხვათად - პატარაო,
გენაცვალეს ბებო, გენაცვალესო“.

მე ეთერ ანწუხელიძე ვარ. ნათელას და. ზეზვას და. ელდარის და. თინათინის და.

გლეხები იყვნენ ჩვენი მშობლები.

სიღარიბე იყო.

დედამ მზითევის პალტო დაჭრა თურმე. ელდარს, უფროსს ძმას შეუკერა ტანსაცმელი ნაკუწით. ოთხი წლის ელდარი ისეთი დიდი იყო, ეს პალტოს ნაჭრელი მთლიანად მოუნდა.

ბეჭები ჰქონდა ფართო და ბრტყელი, როგორც სალესი. ფრთებად ითქმოდა ეს ბეჭები. თუშები ვიტყვით - ბითაოა. რჩეული. ასეთი რომ იბადება, დედა ტყეში უნდა წავიდეს, იქ, სადაც ხალხის ხმა არ ისმის. ტყეში გავიდეს და ხმამაღლა დაიძახოს:

„ტყე-ღრენო, ფრთებიან შვილი მყავს - დაიფარეო“.

ეგ არ იცოდა დედაჩემმა. საიდან უნდა სცოდნოდა ანაც.

წითელა შეეყარა ელდარს და მოკვდა. წითელა შეეყარა კვირის თავზე თინათინს და ისიც.

დამავიწყდა მეთქვა - პაპაჩემი, როსტომი მეფუტკრე იყო. დარიკო ერქვა ბებიას. მამაჩემს ერქვას ლაზარე და დედას ფეფე. ეფემია. იდოიძე.

შვილები ორი დავრჩით.

აქ ჭირდა. ალვანში. შირაქში წავედით საქონელზე. მამა მწყემსად გაამწესეს. ზეზვაც მას გაჰყვა. დედა ბოჩოლებში მუშაობდა მწველავად. მეც ვწველიდი.

ღამის ორზე გავდიოდი საწველად, ოთხზე ვრჩებოდით.

მერე თენდებოდა.

22 წლის გოგო ვიყავი. გოგოდ ყოფნა გამოვტოვე.

კულაში, ზოოვეტში ვისწავლე. არსად იყო სამუშაო ადგილი. ისევ ძროხაში დავრბუნდი.

ქმარი? ქმარი არა მყოლია. ადრე გამიტაცეს მე შირაქიდან და საიდანც გამიტაცეს, იქიდან გამოვედი. არ მიიღო გულმა.

მე რა გამოვედი - დედის ძმამ გამომიხსნა.

დავრჩი მარტო და უშვილო.

უშვილო არა. შვილები მყავს. ზეზვას შვილებია ჩემი შვილები.

ლილი აღნიაშვილი შეირთო ზეზვამ. ლილი ჰქვია წიგნებიდან, ისე ნაირას ვეძახდით. თხინვალადან.
სამი შვილი გაუჩნდათ.

პირველზე ვთქვით, რომ ანგელოზებს წაყოლილი დაბრუნდაო და ნათელა დავარქვით.

მეორეს - გიორგი. მესამეს - ხათუნა.

ამათ გამო არ გავთხოვდი. ყოველ მესამე დღეს თონეში ვეკიდე. და მერე თონე მეკიდა სახეზე ის სამი დღე ცეცხლად. მაგრად დავიტანჯე.

გიორგი ბავშობიდან დიდ ბიჭებში ირეოდა. ტანად ძლიერი იყო.

კარატეზე დამყავდა გიორგი. მომრევი ბიჭი გამოდგა. ოღონდ სამართლიანი. არავის დაჩაგრავდა.

ხის თოფით თამაშობდა დაბნელებამდე - დიშ! დიშ! დიშ!

ისტორიულ წიგნებს ვუკითხავდი სულ. გმირებზე ვუყვებოდი.

- აი, აღამაშენებლი.
- აი, ერეკლე მეფე.
- აი, ცხრა ძმა ხერხეულიძე.

ვაზიანში ასე გადავედით, რომ ერთხელ ხმა დაირხა - რუსებმა პანკისს უნდა დაარტყანო. გავყიდე ყველა ძროხა და სხვაც - რაც მებადა. ჯერ წავედით თხინვალაში, მერე კიდევ ვაზიანში ვიყიდეთ ბინა. იქ დავსახლდით.

15 წლიდან მუშაობდა. არაფერს თაკილობდა. სხვისას თოხნიდა და ბარავდა, ოღონდ სახლში რამე შემოეტანა. კაპიკები.

მერე იარა ამბავმა და გიორგი 17 წლის შეიქმნა. მერე დაღამდა ერთხელ. ის ღამე რომ დაღამდა, სახლში არ მოვიდა. არ მოვიდა სახლში, არ მოვიდა და დილით შევიტყვეთ - ჯარში წასულიყო.

ექვსში, ექვს აგვისტოს ორი დიდი პარკი მოიტანა საჭმელი. ვკითხე - შენ არა გშიაო? და არაო. უცნაური შეგრძნება მაქვსო. შევიდა და ადრიანად დაწვა. ღამის სამი საათია და ტელეფონი რეკავს - გიორგი გააღვიძეთო. გიორგიმ არ იცოდა ხშირი ჩახუტება. ჩამეხუტა. და წავიდა.

მერე მეზობლებში ვიყავი, ჩემი ტელევიზორი ხომ გაფუჭებული იყო და იქ გამოჩნდა. ის დავინახე, რომ ეხვეოდნენ სვავებით და მეტი არაფერი მახსოვს. ეგ იყო.

მარტო როცა ვარ, ველაპარაკები ხოლმე, ისე დღე არ გავა, რომ არ ველაპარაკო. ველაპარაკები. ჩეულებრივ ყველაფერს ველაპარაკები. თუ რა მიჭირს. თუ რა მილხინს. ვიცი, რომ მისმენს, ვიცი, რომ მიყურებს. მე ასე ვფიქრობ, რომ თავზე მადგას და მეფერება. პასუხად ხომ არ ვაჩვენებ იმას ცრემლებს და ვუღიმი. და იმაობაში, ჩემი წასვლის დროც მოვა ხოლმე, გარეთ ოჯახს უნდა მივხედო, მაშინ წამომცდება ცრემლი.

ხან ძმას ვნატრულობ და ხან კიდევ ძმისშვილს.

ადამიანი გაბერილ ტიკს ჰგავს, არ იცის, როდის რა შემოუჩნდება და გასკდება. დღეს ვარ, ხვალ ვეღარ ვიქნები. ეგ მიხარია, რომ იქ გიორგის ვნახავ, მის სულს ჩავხუტები.

რა იყო მისი ცხოვრება? სულ შრომაში და ტანჯვაში გალია.

მაგრამ ეტყობა გახარებულ კაცს არ რჩება სახელი ამ ქვეყნად.

მხოლოდ - მწუხარეს.

მე ეთერ ანწუხელიძე ვარ - გიორგი ანწუხელიძის მამიდა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ბათუმის ბულვარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორმა ახალგაზრდა კაცმა ერთმანეთი დაჭრა

⭕ „შემდეგ დაწერეთ ის ერთხელ...“ - მარტივი პრაქტიკა დღის ენერგიის გასააქტიურებლად, თამუნა იოსელიანისგან

⭕ 19-21 აგვისტოს საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით