
ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც სიცოცხლის და ადამიანის ცხოვრების შესახებ წერს:
„წრფეს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. მისი მონაკვეთისგან იქმნება ნებისმიერი გეომეტრიული ფიგურა: სამკუთხედი, კვადრატი, ტრაპეცია, მრავალკუთხედი...
ესენი დასრულებული ფიგურებია - მათი მახასიათებლების გაზომვა შეიძლება, მაგრამ, მეორე მხრივ, მათ არც დასაწყისი აქვთ და არც ბოლო. რაგვარად?
ერთი წერტილიდან რომ დაიწყო მოძრაობა, ამ წერტილთან დაბრუნების შემდეგაც შეგიძლია ეს მოძრაობა უსასრულოდ გააგრძელო.
ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა წრის მაგალითზე - მასზე შეიძლება სამყაროს დასასრულამდე "იტრიალო".
და: სამკუთხედზე, კვადრატზე, ტრაპეციასა და მრავალკუთხედზე ვერ "იტრიალებ"?
სად ექნება ამ განმეორებად მოძრაობას ბოლო?
მოძრაობის საწყის წერტილს მრავალჯერ გაივლი, მაგრამ წინსვლას ვერ გააჩერებ - ვერ იტყვი, რომ ამ კონკრეტულ წერტილში "გზა დასრულდა".
ეს იმას ნიშნავს, რომ წრფის მონაკვეთიც კი თავის თავში უსასრულობის ხატს ატარებს.
წრის "სიგრძე" შეიძლება მილიმეტრებით გაზომო, მაგრამ მას უსასრულობის (დაუწყებლობისა და დაუმთავრებლობის) სახე აქვს.
ეს ეხება სასრულ დროსა და მარადისობასაც. დრო მონაკვეთია, მარადისობა კი - წრფე. დრო იზომება, მაგრამ მარადისობის ნიშანს ატარებს - როგორც მონაკვეთი წრფისას.
პარადოქსული დასკვნა გამოგვდის - სასრულიც უსასრულოა.
და ბოლოს:
თუ ამ მსჯელობის ლოგიკას გავყვებით, ადამიანიც წრფის (მარადისობის) მონაკვეთისგან (დროსგან) დაბადებული წრეა, რომელიც თითქოს დროში შემოსაზღვრულია, მაგრამ სინამდვილეში დამბადებელი წრფის მსგავსად უსასრულოდ არსებობს.
სიცოცხლე არ არის მონაკვეთი AB. ის გაზომვად წრეს ჰგავს, რომელიც არსებითად თავის თავში შებრუნებული წრფეა.
იესომ იდუმალი აღდგომით გვაჩვენა, რომ მონაკვეთის დასასრული არ არსებობს - ის გარდაისახება, ფერს იცვლის და წრფის მარადისობას ეზიარება.
ადამიანი მარადიულია - წინააღმდეგ შემთხვევაში ის ღვთის სრული ხატება და მსგავსება ვერ იქნება, რაც ბიბლიის ღვთაებრივ ლოგიკას დაარღვევს.
ის კი არასდროს ირღვევა“, - წერს გია მურღულია.
„