Digest Logo

„ადამიანი მაშინაც კი ურთიერთობს, როცა დუმს“ - კომუნიკაციის უსიტყვო ფორმები, როცა დუმილი ხმაურზე მეტია

1782452268
მაგდა კოტრიკაძე

ხშირად გვგონია, რომ კომუნიკაცია მხოლოდ სიტყვებია. რას ვამბობთ, როგორ ვაყალიბებთ წინადადებებს, როგორ ვპასუხობთ, მაგრამ რეალურად, ადამიანი მაშინაც კი ურთიერთობს, როცა დუმს. მისი სხეული, თვალები, ხმა და პატარა მოძრაობებიც კი მუდმივად რაღაცას გვიყვება. ზოგჯერ ბევრად უფრო გულწრფელად, ვიდრე სიტყვებით.

უსიტყვო კომუნიკაცია სიტყვების გარეშე გადმოცემულ ინფორმაციას ეხება. ეს შეიძლება იყოს სხეულის პოზა, მოძრაობა, სახის გამომეტყველება, მზერა, ხმის ტონი ან თუნდაც დისტანცია.

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ადამიანი გეუბნებათ: „კარგად ვარ“, მაგრამ არ გიყურებთ თვალებში, ხმა დაღლილი აქვს და მხრებიც ჩამოშვებული. დიდი ალბათობით, თქვენ სიტყვებს კი არა, მის მდგომარეობას უფრო ენდობით და სწორიც იქნებით, რადგან ადამიანის სხეული ხშირად ვერ მალავს იმას, რასაც სიტყვებით ცდილობს დამალოს.

სხეულის ენა ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ფორმაა. როგორ ვდგავართ, როგორ ვსხედვართ, როგორ ვმოძრაობთ ბევრს ამბობს ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე. მაგალითად, როცა ადამიანი საუბრობისას თქვენკენ იხრება, ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ აინტერესებთ რასაც ამბობს. მაგრამ თუ უკან იხევს ან ხელებს იხვევს, შეიძლება თავს არიდებდეს ან თავდაცვას ცდილობდეს.

სახის გამომეტყველება კიდევ უფრო პირდაპირია. ზოგჯერ ერთი შეხედვაც კმარა, რომ მივხვდეთ ვინმეს უხარია, სწყინს თუ აწუხებს რაღაც. საინტერესო ის არის, რომ თუ ადამიანი ცდილობს დამალვას, ძალიან პატარა, წამიერი გამომეტყველებები მაინც გასცემს მის ნამდვილ ემოციას. მაგალითად, ერთი წამით ნაპერწკალივით გაკრთეს გაბრაზება ან სევდა.

თვალებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თვალებში ყურება ქმნის კავშირს. როცა ადამიანი გიყურებთ და გისმენთ, გრძნობთ, რომ მნიშვნელოვანია ის, რასაც ამბობთ. ხოლო თუ მზერას გარიდებთ, შეიძლება უხერხულად გრძნობს თავს, ღელავს ან უბრალოდ არ არის კომფორტულად, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სიტუაცია,ზოგ ადამიანს ბუნებრივად უჭირს თვალის კონტაქტი.

ხმის ტონიც ხშირად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვა. ერთი და იგივე ფრაზა შეიძლება იყოს თბილი, ცივი, ირონიული ან გაბრაზებული, მხოლოდ ტონის მიხედვით. მაგალითად, სიტყვა „კარგია“ შეიძლება გულწრფელი იყოს, მაგრამ შეიძლება ნიშნავდეს „სულაც არ მომწონს“.

უსიტყვო კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ადამიანი ცუდად არის, მაგრამ ამას სიტყვებით არ ამბობს. ხშირად ფსიქიკური სირთულეები სწორედ სხეულში მჟღავნდება პირველად.

ვიღაც, ვინც დეპრესიულ მდგომარეობაშია, შეიძლება ნაკლებად მოძრაობდეს, უხმოდ იყოს, თავი დაბლა დახაროს და თითქოს „ჩაქრეს“. მისი ხმა შეიძლება ერთფეროვანი გახდეს, სახე, კი ნაკლებად გამომხატველი. თითქოს ენერგია აღარ აქვს არაფრისთვის. ზოგჯერ კი უბრალოდ გრძნობ, რომ მის გვერდით რაღაც „სიმძიმეა“, მიუხედავად იმისა, რომ ის არაფერს ამბობს.

შფოთვა სხვაგვარად იგრძნობა. ასეთ დროს ადამიანი ხშირად ვერ ჩერდება ერთ პოზიციაში, მოძრაობს, თითებს ათამაშებს, გარემოს აკვირდება. შეიძლება სწრაფად ლაპარაკობდეს ან ხშირად წყვეტდეს წინადადებებს. თითქოს მუდმივ დაძაბულობაშია.

არის შემთხვევებიც, როცა ადამიანი საერთოდ აღარ გამოხატავს ემოციას. სახე თითქმის არ იცვლება, თვალები ცარიელია, ხმა მექანიკური. ეს შეიძლება ნიშნავს, რომ ის ემოციურად ძალიან გადაიღალა ან რთულ გამოცდილებას უმკლავდება.

მნიშვნელოვანია ერთი რამ არც ერთი ასეთი ნიშანი ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს. ყველას გვქონია დღე, როცა არ გვინდა საუბარი, როცა ვიღლებით, როცა თვალებში ყურებაც კი გვიჭირს. მაგრამ თუ ასეთი ნიშნები ხშირად მეორდება და იცვლება ადამიანის ჩვეულებრივი ქცევა, ეს უკვე სიგნალია, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ.
უსიტყვო კომუნიკაციის ცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ ყველას „ვკითხულობთ“ ან დიაგნოზებს ვსვამთ.

ეს უფრო იმას ნიშნავს, რომ უკეთ ვგრძნობთ ადამიანებს. ვამჩნევთ, როცა მათ უჭირთ, მაშინაც კი, როცა ამას არ ამბობენ. რაც მთავარია, შეგვიძლია ვიყოთ უფრო ყურადღებიანები, მოქნილი და ადამიანურები ერთმანეთის მიმართ.

საბოლოოდ, ადამიანი ყოველთვის რაღაცას ამბობს სიტყვებით თუ უსიტყვოდ. უბრალოდ, ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რასაც ხმამაღლა ვერ ვამბობთ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„არახელსაყრელია პაემანი, მოგზაურობა, ქორწილი, ბიზნესის გახსნა“ - 26 ივნისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

„ყველაფერი უნდა ვანაცვალოთ მას, მათ შორის საკუთარი თავი... ნელა-ნელა მთელი ცხოვრება უნდა მოიცვას“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ივნისს საქართველოში