Digest Logo

„ადამიანის ცხოვრება დაბადების მომენტიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ფერისცვალება უნდა იყოს...“ - გიორგი ლობჯანიძე

1787124673
გიორგი ლობჯანიძე

19 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ფერისცვალების დღესასწაულს ზეიმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელ და ინფორმაციულ პოსტს, ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„რაც შეეხება ფერისცვალებას:

არსებობს ორი დაბადება: პირველი, როცა ადამიანი განსხეულდება, ეს გახლავთ ფიზიკური მოვლინება და მეორე, როდესაც სიცოცხლეშივე ხელმეორედ, ანუ სულიერად იბადება და შედის ჭეშმარიტი ცნობიერების მდგომარეობაში.
ადამიანის ცხოვრება დაბადების მომენტიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ფერისცვალება უნდა იყოს.

როგორც ვიზრდებით ფიზიკურად და ვერ შევუშლით ხელს ორგანიზმს პროგრესში, ზუსტად ისე უნდა ვცდილობდეთ სულის წვრთნას მიწაზე, მიწიერ გარემოში.

ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.

ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).
ღმერთმა გოლგოთამდე მცირე ხნით ადრე, გამოარჩია სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე. თაბორის მთაზე დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ, მაცხოვარი კი ლოცულობდა, ხოლო რა წამს გაიღვიძეს მოციქულებმა იხილეს ადამიანის თვალისთვის მეტად უცნაური რამ:

მაცხოვრის სახე და სხეული განათდა. „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი" (მათე XVII, 2).

მაცხოვრის გვერდით კი იდგნენ მოსე და ელია წინასწარმეტყველი, რომლებიც ესაუბრებოდნენ ქრისტეს მოსალოდნელი სატანჯველის შესახებ.

ახლა, დააკვირდით მოვლენებს. აქ, ხდება საოცარი რამ: ქრისტემ მოციქულებს მის სიცოცხლეშივე ანახათ, ჯერ კიდევ, მისი მკვდრეთით აღდგომამდე, თუ როგორი იქნება მართალი ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა მარადიულ სამყაროში.

ამ ნათელის შემყურე კი მოციქულები სრულ ნეტარებაში არიან. ფაქტობრივად, იმ წუთებში სამმა მოციქულმა მიწაზევე განიცადა სამოთხისეული ცხოვრების გემო, რასაც ამტკიცებს პეტრეს სიტყვები: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა" (ლუკა IX, 33).
პეტრე მოციქულის სიტყვები გამოხატავს მის შინაგან მდგომარეობას. იმდენადაა მოწყვეტილი ამსოფლიურ სამყაროს, რომ არ ახსოვს ნეტარებაში მყოფს არაფერი.

ამ ყველაფრის დასტურად კი გამოდგება თვით პავლე მოციქულის ცნობილი ამბავი, რომელიც მესამე ცამდე იყო ზეცად აყვანილი. სწორედ მან იხილა სამოთხისეული ნეტარება და ბოლოს, როდესაც რამენაირად უნდა ეთქვა თუ რა ნახა, დამუნჯდა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღეწერა ეს სურათი, უბრალოდ ვალდებული იყო სიტყვით რამე ეთქვა და თქვა ძალიან მოკლედ და ყველასთვის გასაგებად: ,,რაც ადამიანის თვალს არ უნახავს, გულს არ გაუელვებია და ყურს არ სმენია, ის განუმზადა ღმერთმა მართალთო".

აი, სწორედ, მაცხოვრის სიცოცხლეშივე მოხდა გაცხადება, თუ როგორი იქნებოდა მართალი ადამიანის სამოსელი და უკვდავი ბუნების სააშკარაოზე გამოტანა, რაც იხილეს მიწის მკვიდრნმაც.

ფერისცვალებისას კი ციდან მოისმა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5).

ღვთაებრივი ნათლით ამგვარ გაცხადებას წმინდა დიონისე არეოპაგელი, რომელიც ერთ-ერთი ფილოსოფიური ბურჯია ეკლესიისა ამ სიტყვებით აღწერს: „დროული მარადისობა“.

ასევე, საოცრად ფილოსოფიურად მოაზროვნე წმინდა გრიგოლ პალამა, რომლის სიტყვებიც სამაგიდო და საზეპიროა, ნათლად ხსნიდა და ამბობდა, რომ ეს სწორედ ღვთაებრივი ძალა და მადლისმიერი ენერგია იყო ღმერთის, რომელიც მიღმიურია ხილული სამყაროსი და ეს მოვლენა არ უკავშირდებოდა უბრალოდ ზებუნებრივ ნათელს, არამედ, კონკრეტულად, ღვთიურს.

სხვათა შორის, ერთ-ერთ სტატიაში, ფერისცვალების შესახებ, თქვენც შეგიძლიათ გაეცნოთ, ბრწყინვალე თეოლოგი ზურაბ ეკალაძე, ნათლად შენიშნავს, რომ თაბორის მთის ამ მოვლენაზე მნიშვნელოვანი პარალელი გაავლო თეოდორე ხარანელმა, რამე თუ სინას მთიდან ჩამოსვლისას მოსეს სახეც იმდენად ბრწყინავდა, რომ ისრაელიანელებმა ახლოს მისვლაც ვერ გაბედეს, რაც დასტურია იმისა, რომ ესაა უფლის ნათელი და არა რაღაც სხვა სინათლის წყარო.

უფლის ფერისცვალების დღეს, ძველი მართლმადიდებლური სტილით, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში. როგორც ცნობილია, ფერიცვალებულ უფალს, რომელიც ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა აქ, ღრუბელი დაადგრა თავს, რადგან ამ საღმრთო ნათელმა თვალნი დაუბრმავა მოციქულებს - პეტრეს, იაკობსა და იოანეს.

პეტრეს სიტყვებზე კი, ,,ღმერთო ვიყოთ აქ'' - შეიძლება ამ ცნობილი სიტყვების თქმა: „საკითხავი ის კი არ არის, არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. საკითხავია, ხარ თუ არა ცოცხალი გარდაცვალებამდე“.
დღეს ადამიანები ნახევრად ცოცხლები არიან. ფიზიკურად ცოცხლები, სულით კი მკვდრები. მარადიულ ცხოვრებას კი დამსახურება უნდა. თავგანწირვა, ისე, როგორც ქრისტემ დადო თავი ჩვენთვის, მაგრამ იმ პერიოდში, რაშიც გვიწევს ცხოვრება, როცა ყველაფერი გამრუდებული და დავიწყებულია, ამის გააზრება თანამედროვე ადამიანს უჭირს.

ამაზე კი ერთ-ერთ უდიდეს წმინდა მამას, წმინდა ანტონი დიდს აქვს ნათქვამი: ბოლო ჟამს ცხრა ავადმყოფი ერთ მართალს ეტყვის ცუდად ხარო". აი, აქ გვიწევს ყოფნა, სამწუხაროდ.

ახლა, რაც შეეხება ფერისცვალებას და ხილს: ზუსტად ხილი იყო ის სიმბოლო, რითაც გაწყდა ღვთიური ძაფი ადამის ცოდვად დაცემიდან გამომდინარე, რომლითაც დაირღვა ბრძანება და კანონი, ხოლო ადამმა და მისმა მოდგმამ დააგემოვნა სიმწარე. ახლაც ხილი იქნება გემო სიტკბოებისა და ჩატეხილი ხიდის აღდგენისა და ხილია სამადლობელი იმ ყველაფრისა, რასაც იძენს ადამიანი ამ სამყაროში ღვთისგან.

გილოცავთ! მრავალს დაესწარით და ყველას უკეთესობისკენ გვეცვალოს ფერი!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბობოქარი სერიების პარალელურად, იყო პროცესი, როდესაც გავიარე ტკივილიანი პირადი ცხოვრება...“ - „შუა ქალაქის“ მსახიობები ლელა მებურიშვილის გადაცემაში

⭕ 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

⭕„ნუ მიირთმევთ საკვებს ან სასმელს სხვისი ხელიდან...“ - ენერგეტიკული წმენდის უსაფრთხოების წესები: თამუნა იოსელიანის რეკომენდაციები