სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილის კონსტანტინე გამსახურდიას 2018 წელს დაწერილი პოსტი ვრცელდება, რომელიც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხს ეხება.
ვითარება წალენჯიხის რაიონში, სოფელ ნაკიფუში ვითარდება.
„ეს ის ადგილია წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში, სახელად ულურია, სადაც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა მომკვლევმა საპარლამენტო კომისიამ ჩემი ხელმძღვანელობით 2010 წლის ნოემბერში აღმოაჩინა ჩაფლული მაცივარი ადამიანის რამდენიმე ძვლით. ჩატარდა ექსჰუმაცია.
როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, აქ დაასაფლავეს 2 ახალგაზრდა კაცის დანახშირებული ძვლები, რომლებიც სპეცრაზმმა მოკლა ერთ-ერთ განაპირა სახლში, 1993 წლის დეკემბერში. ისინი აქ ცხენებით მოსულან, შეიარაღებულნი, მეგზურს დაუბინავებია აღნიშნულ ცარიელ სახლში. სპეცრაზმი ღამე მოსულა, სახლისთვის ალყა დაუტყამს.
რამდენიმე საათი იმდენად ინტენსიური სროლა მიდიოდა, რომ უბნის მცხოვრებლებმა სახლები დატოვეს და იქაურობას ცოტა ხნით გაერიდნენ. დაცხრილული სახლი დილამდე იწვოდა.
საქმე იმაშია, რომ ამ დროს ზვიად გამსახურდიას ორი პირადი მცველი, ვაჟა ჭინჭარაული და ირაკლი გოგაძე ტოვებენ მუჟავას პარტიზანთა ბანაკს, მას შემდეგ რაც იგი თავად პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ დატოვა. ამის შემდეგ მათი კვალი ქრება და დღემდე უცნობია მათი ისტორია. ისინი სწორედ ცხენებით წასულან, ადგილობრივების მონათხრობის მიხედვით, რაც ემთხვევა ულურიას მცხოვრებთა აღწერას. ულურია დაახლოებით 15-20 კილომეტრითაა დაშორებული ზუგდიდის რაიონის სოფელ მუჟავას.
ნაპოვნი რამდენიმე ძვლის ფრაგმენტი გადაიგზავნა მთავარი პროკურატურის მიერ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, თუმცა მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, დნმ-ს ანალიზი დღემდე ვერ განხორციელდა. "არ კეთდება" - არის მათი პასუხი.
როგორც ჩანს ორივე ახალგაზრდა დაიღუპა სახლის დაცხრილვისას, მათი ცხედრები დილამდე იწვოდა, ხოლო ნაშუადღევს ისინი დაკრძალეს აღნიშნულ დაჯართებულ მაცივარში. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათი ცხედრებისგან გაცილებით მეტი დარჩა, მაგრამ ვიღაცებმა მაშინვე, 1993 წელსვე იზრუნეს იმაზე, რომ ძირითადი გაექროთ და დაეტოვებინათ ეს რამდენიმე ფრაგმენტი, რომელზედაც მართლაც ვერ კეთდება ექსპერტიზა. ხის მეგრული ოდა კრემატორიუმი ხომ არ იყო, რომ ასე ყველაფერი დაფერფლილიყო სახლთან ერთად? თვით თავის ქალებიც კი?
ასე ქრება პრეზიდენტის ორი პირადი მცველის კვალი მის მკვლელობამდე 3 კვირით ადრე. სხვათა შორის, ეს ის ვაჟა ჭინჭარაულია, ზვიად გამსახურდიას უერთგულესი მცველი, რომელსაც ეკუთვნის წინასწარმეტყველური სიტყვები:
„პრეზიდენტს ვერავინ შეეხება. და თუ შეეხება, მხოლოდ ჩემს გვამზე გადაივლის“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.
ასევე დაგაინტერესებთ👇