ქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა იმიჯი შეიცვალა და თმის ახალი სტილი აქვს.
მან გრძელი თმა შეიჭრა და კადრები სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარა.
„ახალი მე“, – წერს ალექსანდრე.
ალექსანდრე ამერიკაში 13 წლის ასაკში გადაცხოვრდა, სადაც 4 წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. როგორია ამერიკული ცხოვრება, მან ჟურნალ „თბილისელებს“ მოუყვა.
ალექსანდრე ზაზარაშვილი: ოთხი წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი. ბოლო წუთამდე არ მეგონა, რომ მართლა მოვდიოდი. აღარ მჯეროდა ამის. ძალიან დიდი ხანია, ჩამოსვლა მინდა, მაგრამ ვერა და ვერ გამოვიდა.
თვითმფრინავში ჯდომისას რომ ვფიქრობდი, მალე ჩემი ოჯახის წევრებს ვნახავდი, ღამე კი ჩემს ლოგინში დავიძინებდი, გული ისე მიჩქარდებოდა, სუნთქვა მიჭირდა. ამიტომ ამაზე ფიქრსაც კი ვარიდებდი თავს. თურქეთის გავლით ჩამოვედი და გადაჯდომის შემდეგ, როდესაც უკვე თურქეთიდან საქართველოსკენ მომავალ თვითმფრინავში ვიჯექი და თბილისამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი, ფანჯარაში მთები დავინახე. ისეთი ლამაზი იყო ფილმის კადრი გეგონებოდა. მაშინ ვიგრძენი, რომ უკვე საქართველოში ვიყავი. მხოლოდ მაშინ დავიჯერე, რომ ეს მართლა ხდებოდა.
ესკალატორზე რომ ჩამოვდიოდი, კარი გაიღო და ჩემი დის და მისი მეგობრის სახე დავინახე. მათაც დამინახეს და საოცარი ემოციები ჰქონდათ. ამის შემდეგ კარი დაიკეტა და ბარგის აღებას 15 წუთი დასჭირდა. იმხელა მოლოდინი იყო, მეგონა, 15 საათი გავიდა. ერთი სული მქონდა, გამოვსულიყავი და ყველას ჩავხუტებოდი.
დედა ძალიან ემოციური ადამიანია. მისთვისაც და მთელი ჩემი ოჯახისთვის დიდი შოკი იყო ჩემი ცვლილება. აქედან სულ სხვანაირი ალექსანდრე გაუშვეს და უცებ ძალიან გაზრდილი და შეცვლილი ჩამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოთხი წელი სულ ვსაუბრობდით და ერთმანეთს ვხედავდით, ამდენი წლის შემდეგ რეალურად პირველად მნახეს ასეთი შეცვლილი და დედაჩემიც და მთელი ჩემი ოჯახი ტიროდა. დედა ხელს მიჭერდა, ნუთუ, მართლა ალექსანდრეაო. ძალიან ემოციური იყო ჩვენი შეხვედრა.
– როგორია ახლა აქ ყოფნა?
– მანქანაში რომ ჩავსხედით და თბილისში გავიარეთ, მეგონა, სიზმარში ვიყავით და ველოდი, როდის გამეღვიძებოდა. კიდევ არ მჯეროდა, რომ ეს სინამდვილეში ხდებოდა. გარშემო ქუჩებს რომ ვათვალიერებდი, თან მახსოვდა, თან არა. თითქოს ნაცნობი იყო, იმავდროულად, ძალიან უცხო და მისტიკური. სოფელში რომ შემოვედი უამრავი რამ გამახსენდა.
მეგონა, უცხოდ ვიქნებოდი. ოთხი წელი არ ვყოფილვარ სახლში. ეს დიდი დროა, თან ისეთ ასაკში წავედი, რომ ეს ოთხი წელი 40-ს ნიშნავდა. 13 წლის წავედი და 17-ის ჩამოვედი. იქ გავიზარდე, იქ ჩამომიყალიბდა აზროვნება და ეს ოთხი წელი რეალურად ბევრად მეტია. თუმცა, გაუცხოება არ მიგრძნია. უფრო სწორად, თან ყველაფერი მეუცხოებოდა და თან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გუშინ წავედი. თითქოს გაორებული ვარ.
– ამერიკაში რა სიახლეები გაქვს?
– ამერიკაში ძალიან მაგარმა პროდიუსერმა მიპოვა. ის ძალიან დიდი ვარსკვლავების პროდიუსერია, მაგალითად, სტინგის, კანიე უესტის და ასე შემდეგ. ამ ადამიანთან ერთად ვმუშაობ ჩემს ახალ ალბომზე. რომ დავბრუნდები, ისევ განვაგრძნობთ მუშაობას. რაც შეეხება ამერიკაში ჩემს ამერიკულ ტურს, ქართველი, უკრაინელი და ამერიკელი მაყურებლისთვის კონცერტები რამდენიმე შტატში ჩავატარე და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ისეთი შეფასებები იყო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ერთმა ამერიკელმა ქალმა, რომელსაც ძალიან დიდი ვარსკვლავების კონცერტებზე აქვს ნამუშევარი, მითხრა, მეგონა, რომ ძალიან დიდი პოპვარსკვლავის მილიონობით ბიუჯეტიან კონცერტზე ვიყავიო. ძალიან გამიხარდა. თან, ჩემს კონცერტებზე აბსოლუტურად ყველა დეტალი ჩემი შექმნილია.
როცა ყველაფერი შენი გაკეთებულია და გეუბნებიან, ისეთი მაგარია, გეგონება, მილიონები იყოს დახარჯულიო, ძალიან მაგარია. ამიტომ მინდა, ეს კონცერტი საქართველოშიც გაიმართოს.
– მხოლოდ სიმღერას კი არა, საორგანიზაციო საქმეებსაც მთლიანად საკუთარ თავზე იღებ?
– მე მყავს ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან ორგანიზების საკითხებში, მაგრამ პატარაობიდანვე ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. მაგალითად, „ვოისში“ მონაწილეობისას, გავიდოდი და ვუყურებდი, როგორ იღებდნენ ოპერატორები. ყოველთვის ყველა დეტალი მაინტერესებდა. შემიძლია, ეს საქმე პროფესიონალებს მივანდო, ეს ხომ ჩემს კომპეტენციაში არ შედის, გამოვალ, ვიმღერებ, კარგ შოუს დავდებ, მაგრამ ეს რომ შევძლო, აბსოლუტურად ყველაფერში უნდა ვიყო გარკვეული და ჩართული. ჩემი გუნდის წევრები ხუმრობენ ხოლმე, კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე თუ მოხვალთ, აჯაჯულ-დაჯაჯულ ალექსანდრეს ნახავთო (იცინის). შეიძლება, ყველაზე საშინელი, მაგრამ კომფორტული ტანსაცმელი მეცვას, ყურსასმენებს ვიკეთებ, კომპიუტერთანაც ვჯდები და ასე შემდეგ, არ არის საქმე, რომელსაც თვალს არ ვადევნებ. მერე, როცა სცენაზე გასვლის დრო მოდის, უცებ გადავიცვამ და გარდასახვა ხდება (იცინის).
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი - განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით