უფლება დამცველი ბაია პატარა ქალებს მიმართავს და მათ მოუწოდებს ყოველდღიური სადარდებელი გვერდზე გადადონ და საკუთარ თავებს მხიარულების ნება მისცენ. პატარაიას საკუთარი დედის მაგალითი მოჰყავს და ჰყვება თუ როგორ ილხენს და ერთობა ის თავის დაქალებთან ერთად.
„მეგობრობაზე, დაქალობაზე და გართობაზე წარმოდგენა დედაჩემის დაქალებისგან შემექმნა. ყველაზე ბედნიერი დღეები ის დღეები იყო, როცა ეს რამდენიმე ქალი სტუმრად მოვიდოდა ჩვენთან: ცოტას დალევდნენ დედაჩემის გაკეთებულ ტკბილ ლიქიორებს და მერე მაინცდამაინც ერთი ბეწო სამზარეულოში დაიწყებდნენ შალახოს ცეკვას და ჩაბჟირებამდე სიცილს. ჩემთვის ეს იყო მეგობრობა... და სულაც არ მიკვირს, რომ დღემდე ეგრე იქცევიან და აგერ 9 სექტემბერს ბანკეტი გვაქვსო, მომახსენა დედაჩემმა (ბანკეტებიც არ ელევათ) ეს რამ გამახსენა, და 48 წლის ქალის ატირებული ვიდეო ვრცელდება, ტოლები აღარა მყავს, ვისთან ერთადაც ვიცეკვებ და ვიმხიარულებ, არადა, გულში ისევ ბავშვი ვარო. გული მომეწურა, ისეთი ლამაზი, საყვარელი და სევდიანი იყო. ამ ქვეყანაში ბევრ ქალს არ აქვს ასეთი მოლხენის საშუალება, არადა ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. სასურველი კი არა - აუცილებელია.
ამიტომ, ქალებო, შეეხმიანეთ თქვენ მეგობრებს, ამხანაგებს, კლასელებს, კურსელებს, იქნებ ენატრებათ მათ თქვენი ხმა და თვითონ ვერ ბედავენ პირველი ნაბიჯის გადადგმას. ქალების ლხინი და 8 მარტი, რომელსაც დედაჩემი ყოველ წელს აღნიშნავდა, დღემდე რჩება ჩემ საუკეთესო მოგონებად. ბოლოს როდის იცინეთ ჩაბჟირებამდე? დედაჩემმა ერთი კვირის წინ, როდესაც მას და მის დაქალს ჰამაკი ჩაუწყდათ, ზღართანი გაადინეს და ვეღარა დგებოდნენ გავუფრთხილდეთ და გავიხსენოთ, რას ნიშნავს კარგი, გულიანი და ხანგრძლივი სიცილი, ბოლოს ისიც რომ აღარ გახსოვს, რაზე იცინი ეს თვისება არასდროს არ უნდა დავკარგოთ“, - წერს ბაია პატარაია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„მოვერიდოთ კამათს, დაპირისპირებას, ზედმეტ გადაღლას, გადატვირთვას“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
„გასაოცარი სიურპრიზი...“ - ნინი შერმადინი ნუცა ბუზალაძეს დუბაიში შეხვდა