28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა, რასთან დაკავშირებითაც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, იცოდნენ საკუთარი ჰეპატიტის სტატუსი და საჭიროების შემთხვევაში დროულად ჩაერთონ მკურნალობაში.
ბუწაშვილის თქმით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლიდან მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში 87 ათასი ადამიანი უკვე განიკურნა. თუმცა არსებობს სერიოზული გამოწვევა - თითქმის 30 ათას ადამიანს, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა, მკურნალობა არც დაუწყია.
ინფექციონისტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ შემთხვევებზე, როდესაც პაციენტს დიაგნოზი უკვე დასმული აქვს, თუმცა ამის შესახებ არც კი იცის. მისი თქმით, კლინიკებში ხშირად ჰეპატიტებზე კვლევა ტარდება ისე, რომ პაციენტს ამის შესახებ არ ეცნობება. შედეგად, ადამიანები დაავადების შესახებ მხოლოდ მაშინ იგებენ, როცა ღვიძლის დაზიანება უკვე სერიოზულია - მათ შორის ციროზისა და სიმსივნური პროცესების ფორმით.
„როგორც ალბათ ყურადღება მიაქციეთ, 28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა.
ამასთან დაკავშირებით ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლიდან მიმდინარეობს და უკვე 87 ათასი ადამიანი განიკურნა ამ ვირუსისგან. შეგახსენებთ, რომ პროგრამა ხორციელდებოდა აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის და კომპანია გილეადის მხარდაჭერით.
თუმცა თითქმის 30 ათასი ადამიანია ისეთი, ვისაც ჩატარებული აქვს C ჰეპატიტზე გამოკვლევა, იყო დადებითი და არ ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში. მათ შორის ზოგს მხოლოდ პირველადი, ანუ ანტისხეულების ტესტი აქვს ჩატარებული, ზოგს კი უკვე მიმდინარე ინფექციაც დადასტურებული აქვს და არ იწყებს მკურნალობას.
ამ ადამიანებს შორის ზოგს გაცნობიერებული აქვს თავისი დიაგნოზი და მაინც არ უნდა მკურნალობა (რაც, თავისთავად, სრულიად გაუგებარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ვირუსი წლების შემდეგ იწვევს ღვიძლის ციროზს და კიბოს).
თუმცა ახლა მე იმ ადამიანებს მინდა შევეხო, რომლებსაც დიაგნოზი დასმული აქვთ და ამის შესახებ არ იციან.
სამწუხაროდ, ასეთები საკმაოდ ბევრია. საქმე იმაშია, რომ კლინიკებში ხშირად ჰეპატიტებზე კვლევა პაციენტს ისე უტარდება (სხვა ანალიზებთან ერთად), რომ ის საქმის კურსში არ არის. C ჰეპატიტის აღმოჩენის შემთხვევაში ზოგჯერ აღარ ხდება პაციენტთან კომუნიკაცია და ადეკვატურად განმარტების მიცემა, რომ საჭიროებს შემდგომ კვლევებს და მკურნალობას.
ამიტომ, ზოგჯერ მოდიან საკმაოდ მძიმე კლინიკური მდგომარეობის პაციენტები (ღვიძლის ციროზითაც) და როცა C ჰეპატიტზე კვლევას ვუნიშნავთ, ბაზაში აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ამ ადამიანს დიაგნოზი წლების წინ აქვს დასმული და ამის შესახებ არ იცის.
ცხადია, ეს ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს დიდი დრო აქვთ დაკარგული და დროულად რომ დაწყებულიყო მკურნალობა, მათი დაავადება ასეთ შორსწასულ სტადიას არ მიაღწევდა.
ამას ახლა იმიტომაც ვწერ, რომ ყველამ უნდა იცოდეს თავისი C ჰეპატიტის სტატუსი (B ჰეპატიტისაც, რა თქმა უნდა, უბრალოდ ახლა C-ს ეხება ეს პოსტი). უნდა ჩავიტაროთ გამოკვლევა და ამ გზით იმასაც შევიტყობთ, ადრე ხომ არ გვაქვს დასმული დიაგნოზი და ამის შესახებ არ ვიცოდით. რადგან როცა სკრინინგზე მიდის ადამიანი, კლინიკა ბაზაში უნდა ამოწმებდეს ადრე ოდესმე ხომ არ არის დადგენილი ინფექციის არსებობა და ამას შეიტყობთ. თუ არ იყავით გამოკვლეული ან ადრინდელი პასუხი უარყოფითი იყო, მაშინ ახალ კვლევას ჩაიტარებთ და ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დროულად ჩაგიტარდებათ სრულიად უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა, რომელიც მომავალში ღვიძლის ციროზის და კიბოს განვითარებისგან დაგიცავთ.
როდესაც ამას ვწერ ხოლმე, აუცილებლად შემოვარდებიან და მაუწყებენ, რომ ვიღაცამ იმკურნალა და მაინც (ან ზოგი საერთოდ წამლებს აბრალებს) დაემართა ღვიძლის კიბო. დიახ, ასეთი სამწუხარო მაგალითები არსებობს და ეს წამლის კი არია, სწორედ იმის ბრალია, რომ მკურნალობა დაგვიანებული იყო და მიუხედავად ვირუსისგან გამკურნებისა, სიმსივნური პროცესის შეჩერება ვეღარ მოხდა (რომელიც მანამდე შეიძლება ჯერ არც ჩანდა ექოსკოპიური კვლევით)“, - წერს ბაია ბუწაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს