ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილმა სამმართველომ ფუნქციონირება დაიწყო.
აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ეხმაურება.
გასვიანი იმედოვნებს, რომ ახალი სტრუქტურული ერთეული ეფექტურად შეებრძოლება როგორც ბავშვების, ისე ნებისმიერი მოქალაქის მიმართ მიმართულ კიბერბულინგსა და ზიზღის ენას.
„შუბლისძარღვგაწყვეტილებისთვის“ სიურპრიზია! დღეიდან ყველა, ვინც აბულინგებს ბავშვებს, ოჯახებს - კანონი პასუხს მოსთხოვს! (და არა მარტო ბავშვების მიმართ ბულინგზე... ნებისმიერი მოქალაქის მიმართ!)
მე პირადად მქონდა პრაქტიკა, როდესაც ჩვილი ბავშვის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი სიძულვილის ენის გამო, კანონით ვერანაირი დაცვითი მექანიზმის ამუშავება ვერ მოვახერხე.
ადგილი ჰქონდა საჯარო სივრცეში ბავშვის დიდი დოზით შეურაცხყოფას... ზრდასრულებს რომ თავი დავანებოთ, ან ლაქტაციაზე მყოფ დედას, რომელსაც ბულინგის გამო რძე გაუშრა!
ვფიქრობ, კანონი გაითვალისწინებს ტრანსნაციონალურ (ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩადენილ) დანაშაულს კიბერსივრცეში, კონკრეტულად კი ზიზღის ენას ვგულისხმობ! მაქვს შეგროვებული პირდაპირი მტკიცებულებები (არა მხოლოდ მე, ბევრს...) და ვისურვებდი, შსს-ს მივაწოდო ყველა ეს მასალა.
დაიწყეთ გამოძიება ნამდვილი დამნაშავეების მიმართ! წლებია, არაადამიანურ ბულინგს განვიცდით! გილოცავთ, ყველა ბავშვსა და მშობელს ბავშვთა დაცვის დღეს!“,- წერს გიორგი გასვიანი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილი ახალი სამმართველოს მიზანი სიძულვილის ენისა და ადამიანის ღირსების შემლახველი საჯარო განცხადებების მონიტორინგი, პრევენცია და სამართალდამრღვევი პირების გამოვლენა იქნება.