სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძე სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გუშინდელ აქციაზე მისულ ადამიანებს დაუპირისპირდა. საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების შემდეგ, გამგებელს აღნიშნული პოსტის წაშლა მოუწია და მოგვიანებით ისიც განაცხადა, რომ სიტყვა, რომელზედაც ამბავი ატყდა, სულაც არაა შეურაცხმყოფელი და „სულხან-საბას ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს”.
„გუშინ ვფიქრობდი, დამეწერა, რომ ხვალ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას, მაგრამ ვიფიქრე, მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენ შვილებს, გვერდზე მდგომებსაც შეუძახებდით, შეცდომა არ დაეშვათ!
მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ, პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“, - წერდა კახა სამხარაძე.
ამბავი ამით არ დასრულებულა და საზოგადოების მხრიდან დიდი აგრესიის შემდეგ თბილისის მერსაც და პრესსამსახურსაც თემაზე კომენტარის გაკეთება მოუწიათ. უკომენტაროდ არ დარჩენილა თავად პოსტის ავტორიც და მან თავის სასაცილო არგუმენტებით იმართლა.
როგორც მან „მთავარ არხს“ უთხრა „ასეთი სიტყვებით მეგობრები ერთმანეთს ხშირად მიმართავენ".
„ჩემი Facebook არის ჩემი პირადი გვერდი. ეს არ აღნიშნავს საზოგადოებას და არც პოლიტიკოსს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. არ იყო ეს საჯარო. ჩემი Facebook ჯგუფი არის დახურული - ვინ გახსნა, როდის გახსნა, მე ეს არ ვიცი.
ის სიტყვა, რომელზედაც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები... სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, მაგ სიტყვა, რაზედაც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი. უგზო-უკვლოდ მოფრინავი ჩიტების - ჩვენს მეგობრებში გვაქვს ასეთი ლექსიკა და ეგეთი საუბარი, ვუგებთ ერთმანეთს“, - აცხადებს კახა სამხარაძე.
მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმაც პირდაპირ პასუხებს თავი აარიდა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „გამგებლის არასამუშაო საათებში გამოქვეყნებულ პოსტზე კომენტარს ვერ გააკეთებს“.
თემას ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ ეს მისი პირადი გამოხატვის უფლებაა, თუმცა, სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია“
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„გუშინ გაქრა შენი და ჩემი და გახდა ჩვენი! ჩვენი ქვეყანა! ჩვენი საქართველო!“ - ნანუკა ჟორჟოლიანი