Digest Logo

„ჩემთვის ფსონებზე მოტივირებული გულშემატკივრობა ნულის ტოლფასია“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი ილია თოფურიას გარშემო ატეხილ კრიტიკას ეხმაურება

1781516871
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ განცხადებას აქვეყნებს. სპორტსმენი ეხმაურება იმ ნეგატიურ კომენტარებსა და ბრალდებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში წაგებული მატჩების შემდეგ არა მხოლოდ მის, არამედ UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას მისამართითაც გაჟღერდა.

ბასილაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავს ბრალდებებს, თითქოს სპორტსმენები თამაშებს შეგნებულად „ყიდიან“, ადრე ძალიან განიცდიდა, თუმცა დღეს სიტუაციას სხვა თვალით უყურებს.

ჩოგბურთელის თქმით, მისთვის განსაკუთრებით დასანანია, როდესაც მსგავსი შინაარსის კრიტიკა თანამემამულეებისგან მოდის:

„ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთხელ მაქვს კომენტარი გაკეთებული. ყოველი წაგებული თამაშის შემდეგ ბევრი მწერდა და ახლაც მწერს, რომ თამაში გაყიდული იყო. ადრე ეს თემა ყოველთვის გულთან ახლოს მიმქონდა და ძალიან განვიცდიდი, მით უმეტეს, როცა ამას ქართველი მეუბნებოდა.

დღეს კი გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიას მიმართაც იგივე შინაარსის კომენტარები ვნახე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩემთვის ფსონებზე მოტივირებული გულშემატკივრობა ნულის ტოლფასია“,- წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის დაარსების 250-ე წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებული გრანდიოზული ღონისძიება UFC Freedom 250 სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ამ უპრეცედენტო საღამოს მთავარი ბრძოლისთვის ოქტაგონი პირდაპირ თეთრი სახლის ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც ერთმანეთს ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია და ამერიკელი „ჰაილაითი“, ჯასტინ გეიჯი, დაუპირისპირდნენ.

ბრძოლა ზუსტად ისეთივე ცეცხლოვანი გამოდგა, როგორსაც გულშემატკივარი ელოდა. ილია თოფურიამ შეხვედრა ფენომენალურად დაიწყო.

პირველი ორი რაუნდი სრულად ქართველი მებრძოლის კარნახით წარიმართა. ილია სისწრაფის, ზუსტი კრივისა და შესანიშნავი ტაიმინგის წყალობით აშკარად სჯობნიდა მეტოქეს. გეიჯიმ რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, თუმცა მისთვის ჩვეული სიმტკიცე გამოავლინა და გაუძლო თოფურიას ზეწოლას, რომელმაც პირველი ორი რაუნდი მსაჯების ბარათებზე დაჯერებულად მოიგო. თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა. აღნიშნული შედეგის მიხედვით ილიამ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო. ეს იყო პირველი წაგება ქართველი მებრძოლის კარიერაში.

„ილიამ ორი რაუნდი იდეალურად ჩაატარა, მაგრამ გეიჯის ხასიათის გატეხვა თეთრ სახლში შეუძლებელი აღმოჩნდა“, - აღნიშნავდნენ კომენტატორები.