ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და განმარტავს თუ რატომ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ფრენდის სტატუსის ქვეშ კომენტარი დავწერე, პრეზიდენტის სიტყვა არ მომეწონამეთქი და „სტატია“ გამოუცხვიათ თურმე, ხოდა რადგან წააცუნცულეს, მანიპულაციისთვის რომ არ იყოს გამოყენებული, განვმარტავ რა დავიწუნე:
თავისთავად სიტყვა მომეწონა, დღევანდელი დღის შესაფერად არ მივიჩნიე. მერჩივნა ლიდერობა აეღო და ეთქვა - „ჩემი გეზია უცვლელი და მე ვატარებ ქვეყანას ამ გზაზე მტკიცედ, რადგან მეც ვარ პოლიტიკის შემქმნელი პირი“. ვინმემ უნდა თქვას - მე გავაკეთებ! მით უმეტეს ხალხის 80%-ის სურვილია ეს, ხალხია ზურგის ქარი.
იმავე კომენტარში მიწერია, რომ ყველა მისი პროევროპული გამოსვლა შინ თუ გარეთ მომწონს, მეტიც, შესაძლოა ერთადერთია, ვისი გამოსვლებიც ბოლო დროს სულ მომწონს და ეს გამოსვლაც მომეწონებოდა. უბრალოდ არ მინდოდა „ვაგინებთ ევროპას“, „გეზი მკაფიო აღარაა“ დაფიქსირებულიყო საერთაშორისო მედიაში, არამედ უფრო მეტად მამოტივირებელი და მებრძოლი, გარანტიის მიმცემი სიტყვა მერჩივნა. მოკლედ დავიწუნე არა არსი, ან ის, რომ რამე სწორად არ თქვა, ან ტყუილი თქვა, დავიწუნე მომენტი.
არ განვმარტავდი, რომ არა ისევ და ისევ ჩვენი ევროპული მომავალი, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა ჩემთვისაც და ქვეყნის მოსახლეობის 80%-ისთვის და არ მინდა მსჯელობის კონტექსტიდან ამოგლეჯილი კომენტარი არასწორად გამოიყენოს ვინმემ“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
„ამ ახალი მსოფლიო წესრიგის მოლოდინში დღეს ჩვენი საზოგადოება, როგორც ხელისუფლება გზა გასაყარზეა. საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა და გამოხატა თავისი ნება - საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარების და გამთლიანების, ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბების და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა.
ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავის ევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია.
ქართველ ხალხს, ყველა ხელისუფლება ამ პირობას აძლევდა. დღევანდელმა ხელისუფლებამაც ქართველ ხალხს ეს პირობა მისცა და მეტიც კონსტიტუციით გაამყარა ევროინტეგრაციის გზა. დღეს, როცა ქართველი ხალხი ისევ ამ გზაზეა და ითხოვს მისი ნების აღსრულებას ხელისუფლება სადაა?
ხელისუფლებისთვის დრო აღარ ითმენს, რომ დაუბრუნდეს საკუთარ სიტყვას, გამოცხადებულ მიზანს და შეასრულოს ხალხისთვის მიცემული პირობა. ხელისუფლებამ ამ დარჩენილ დროში უნდა იფიქროს, იმაზე თუ რისი შესრულება შეუძლია, არა იმიტომ, რომ ვინმე გვკარნახობს, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის გზაა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.
დღეს საზოგადოებისთვის სასოწარკვეთილების და უიმედობის დრო ნამდვილად არაა. ქართული საზოგადოება ეროვნული ინტერესების და ღირსების დასაცავად უკან არასოდეს იხევდა და ეს უახლოესმა ისტორიამაც გვაჩვენა.
ახლა მთავარია, ყველამ ერთად დავინახოთ და გავიაზროთ ეს გარდაუვალი ცვლილებები, ვირწმუნოთ საკუთარი თავის და არავის მივცეთ უფლება ჩვენი გზიდან გადაყვანის.
31 მაისს, სწორედ ამ ევროპული მომავლისთვის ჩავალ ბრიუსელში. თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა დავიცვა ჩვენი ევროპული მომავალი. ევროპა გაიგებს ქართველი ხალხის ხმას, იმ ხალხის ხმას, რომელიც ერთგულია 26 მაისის სულისკვეთების და რომელიც განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად ერთიანდება, ერთი იდეის ირგვლივ - ჩვენი დამოუკიდებლობის და იმის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე ევროპაა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვაიმე, თბილისში მივდივარ!“ - ზაზა ფაჩულიას შვილი სიხარულისგან აუზში გადახტა
🎥 ნინი შერმადინის ემოციურად შესრულებული საქართველოს ჰიმნი ნიუ-იორკში