საქართველოს დროშათა თავგადასავალი ისევე მრავალფეროვანია, როგორც მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ტერმინი „დროშა“ ქართულ წერილობით წყაროებში („მოქცევაი ქართლისაი“, „წმინდა ნინოს ცხოვრება“) IX საუკუნიდან გვხვდება. დროშის აღსანიშნავად გვხვდება ასევე სიტყვები: „ალამი“, „დრაუჟი“, „ბაირაღი“ და „ბავრაყი“.
საქართველოს სახელმწიფო დროშა — საქართველოს ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.
ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. იგი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს.
საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დროშის მიმდინარე ვერსია დადგენილია პრეზიდენტის 25 იანვრის №31 ბრძანებულებით.
დროშის აგების წესი, სქემა
საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება: საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და სხვა ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებზე, აგრეთვე საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე, საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა.
ადრეული საქართველოს დროშები
ადრეული საქართველოს დროშები სხვადასხვაგვარი იყო. ცალ-ცალკე არსებობდა სახელმწიფო დროშა, საეკლესიო, ლაშქრის. სახელმწიფო დროშას სამეფო დროშა ეწოდებოდა (სხვაგვარად სეფე-დროშა). XI-XVI საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროები ქართულ სახელმწიფო დროშას იხსენიებენ, როგორც „გორგასლიან და დავითიანს“. იგი იყო ერთიანი საქართველოს სიმბოლო. ეს დროშა ვახტანგ გორგასლის დროიდან უნდა მოდიოდეს და თეთრი ფერისა უნდა ყოფილიყო, მიმაგრებული წითელ ჯვრიან ბუნზე. სომეხ ისტორიკოსთა ცნობით თეთრ დროშაზე რაღაც ნიშანი იყო დატანილი, თუმცა უცნობია კონკრეტული გამოსახულება. არსებობს სხვა ცნობაც, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წმიდა გიორგის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ამ ცნობას იძლევა შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაური კოტოვიჩი, რომელსაც უნახავს იერუსალიმში სალოცავად მოსული ქართველები, ქართული სახელმწიფო დროშით. გადმოცემით, „გორგასლიანი და დავითიანი“ დროშა მე-19 საუკუნემდე არსებობდა და იგი ქუთაისის სამეფო ზარდახანაში ინახებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ახალციხის ბრძოლის დროს იგი თურქებს გაუტაციათ.
XIII-XIV საუკუნეებში თეთრი ალმის გვერდით ჩნდება შავიც, მასზე თეთრი ტოლმკლავიანი ჯვრით. ფიქრობენ, რომ იგი დავით ნარინმა შემოიღო დასავლეთ საქართველოში დამკვიდრების შემდეგ. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის პერიოდიდან დროშათა ნარისახეობაც გამრავლდა. ქართლის სამეფო დროშა მოწითალო შინდისფერი გახდა. დასავლეთ საქართველოში კი დამკვიდრდა თეთრი დროშა.
გთავაზობთ საქართველოს დროშებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპებიდან
დავით IV აღმაშენებლის დროშა.
თამარ მეფის დროშა.
ვახტანგ VI-ის დროშა.
ძველი ქართული (იბერიული) დროშა მეფე გორგასლის მმართველობის დროს V საუკუნეში.
საქართველოს დროშა, 1937—1951
საქართველოს დროშა, 1990-2004
ერთიანი საქართველოს სამეფო დროშა, X-XV სს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: