ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ დახურვის შემდეგ ვანო ჯავახიშვილის შოუ „ტვ პირველზე“ გავა - ამის შესახებ ინფორმაცია იუმორისტმა ვანო ჯავახიშვილმა თავად გაავრცელა. მისი თქმით, გადაცემა იგივე დროს, პარასკეობით, 22:00 საათზე დაიწყება.
ჯავახიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ გამოეხმაურა, იუმორისტის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა და განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვანო ჯავახიშვილსა და მის გუნდს ჰქონდა ტელევიზიაში დარჩენის შესაძლებლობა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო მათ ადმინისტრაცია იმავე პირობებს ვერ შესთავაზებდა, რაც ძველად ჰქონდათ.
„ძალიან ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ „ვანოს შოუს“ გუნდმა „მთავარი არხის“ დატოვების და სხვა ტელეკომპანიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
მძიმე ფინანსური კრიზისის მიზეზით ივნისის შუა რიცხვებში ჩვენ იძულებულნი გავხდით დაგვეხურა არხის მთავარი პავილიონი, სადაც იწერებოდა ან პირდაპირ ეთერში გადიოდა აპოლიტიკური გადაცემები: „ვანოს შოუ“, „ახალი შაბათის შოუ“, „მთავარი ბიჭები“, „სხვა ნანუკა“, „შენი დილა“, „მთავარი ჭკვიანი“, „მხოლოდ ლელასთან“, „სპორტი დიდ ქალაქში“, „მთავარი დიაგნოზი“, „ლიტერატურული სამკუთხედი“, „ამინდზე მეტი“ და „მთავარი მსოფლიოში“.
პავილიონის შენახვა, მასშტაბური სტუდიების ნაქირავები ტექნიკით აღჭურვა და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ ჩვენ, უბრალოდ, ვეღარ შევძლებდით ასეთი კოლოსალური ხარჯების გაწევას. ამიტომ მივიღეთ პავილიონის გაუქმების მძიმე გადაწყვეტილება.
ზემოთ ჩამოთვლილი გადაცემებიდან ყველამ მიიღო ერთნაირი შეთავაზება, რომ გადასულიყვნენ თვითდაფინანსებაზე; საჭიროების შემთხვევაში, შეეკვეცათ ხარჯები; მორგებოდნენ ალტერნატიულ, უფრო მცირე ზომის ლოკაციებს ეთერში გასასვლელად; ახალ რეალობაზე მოსარგებად, შეეტანათ ცვლილებები გადაცემების ფორმატში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მარტივი ამოცანა, ფაქტობრივად, ყველა გადაცემამ თანხმობა განაცხადა შეთავაზებულ ცვლილებებზე.
მაგალითად, „შენი დილა“ კვირების განმავლობაში პირდაპირ ეთერში ეზოდან გადიოდა; მოგვიანებით არხის მთავარი ოფისის გვერდით ჩვენ გამოვყავით პატარა სივრცე და ერთგული მაყურებლისგან დახმარების ფონდზე შემოსული თანხებით მოვაწყვეთ მცირე ზომის სტუდია - ბევრად უფრო მოკრძალებული ზომის, ვიდრე ძველი პავილიონი - საიდანაც ახლა ეთერში გადის „შენი დილა“, „ლიტერატურული სამკუთხედი“, „მთავარი დიაგნოზი“ და ა.შ.
„სხვა ნანუკა“ პავილიონის დახურვის შემდეგ გადავიდა რეალითი-ფორმატზე, შემდეგ სახსრების არარსებობის გამო იძულებული გახდა ივლისში დროებით შეჩერებულიყო, თუმცა ამ პერიოდში ნანუკამ შეკრიბა ახალი გუნდი, მოიძია სპონსორები და სრული თვითდაფინანსებით და განახლებული ფორმატით სექტებმრიდან იწყებს ახალ სეზონს ჩვენს არხზე.
„მხოლოდ ლელასთან“ აგრეთვე გადავიდა რეალითი-ფორმატზე და სტუდიის გარეშე გადის ეთერში.
ერთადერთი გუნდი, რომელმაც განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა „მთავარი არხის“ ახალ რეალობაზე მორგებას და ამისთვის აუცილებელი ცვლილებების შეტანას გადაცემებში, „ვანოს შოუს“ გუნდი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პავილიონის დახურვის შემდეგ ჩვენ მათთან არაერთი დამატებითი საუბარი გავმართეთ, შევთავაზეთ შემცირებული ზომის სტუდიის მოწყობა და შევთავაზეთ დახმარება სპონსორების მოძიებაში, მათ მაინც გადაწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობის შეწყვეტა და არხიდან წასვლა. როგორც თვითონ განგვიმარტეს, მათ უკეთესი შეთავაზება მიიღეს სხვა ტელეკომპანიისგან.
ვწუხვართ, რომ ჩვენი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძელით „ვანოს შოუს“ გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნა. ჩვენ დღემდე გვაქვს მათი სახელფასო დავალიანება, ისევე, როგორც აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, რომელიც დღემდე მუშაობს „მთავარ არხზე“ - ხშირად ანაზღაურების გარეშე - და მაინც არ ტოვებს კომპანიას.
„ვანოს შოუს“ გუნდს უდიდესი წვლილი მიუძღვის „მთავარი არხის“ შექმნაში, წარმატებასა და მაღალ რეიტინგში. ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ამ ადამიანებთან ერთად ურთულესი ეტაპები გვაქვს გამოვლილი. ამიტომ მათი წასვლა არხისთვის ნამდვილად დანაკლისია. ეს ჩვენს ინტერესებში და გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ თვითონ გადაწყვიტეს ასე.
„ვანოს შოუს“ გუნდის წასვლის გამო, ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ახალ იუმორისტულ შოუზე - ახალი გუნდით და ახალი წამყვანით, რომლის ვინაობასაც მაყურებელი მალე გაიგებს. გადაცემა სწორედ იმ ახალი სტუდიიდან გავა ეთერში, რომელზედაც უარი თქვა „ვანოს შოუმ“ და ეყოლება ის სპონსორები, რომლებსაც ვთავაზობდით „ვანოს შოუს“.
ნაკლები პოლიტიკა და მეტი იუმორი - ასეთი იქნება ჩვენი ახალი იუმორისტული შოუ, რომელიც ეთერში გავა, რა თქმა უნდა, იგივე დღეს, იგივე დროს და იგივე ადგილზე - ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე, „მთავარ არხზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის ვანო ჯავახიშვილმა ტვ პირველზე გადასვლის შესახებ საზოგადოებას ასე ამცნო:
„როგორც იცით მთავარ არხზე ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით ტელეკომპანია პირველის ეთერში. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს „ტვ პირველის" ეთერში, იგივე დღეს და იგივე დროს“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ისრაელში წერენ, რომ სასწაული მოხდა... იმედი არავის ჰქონდა, რომ გადარჩებოდა“ - დათის მამა შვილის ჯანმრთელობაზე
🔵„გამომიყენეს, ბევრისგან მეტკინა გული… პატარა ასაკში მასწავლეს ჭკუა, რომ ადვილად არავის უნდა ენდო“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი