საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს, რომელიც ძველად ბანაობის რიტუალს ეხება.
„ძველი წლების ბანაობის რიტუალი გახსოვთ? საგანგებო, უზარმაზარ ქვაბს, რომელიც არავინ იცის, თუ რისთვის იყო ჩაფიქრებული თავის დროზე, შუამდე ავსებდი - ჯერ ცხელი წყლით და მერე ცივით „ანელებდი“, სანამ გასაძლებ ტემპერატურამდე ჩააღწევდა. ამის მერე ჯდებოდი დიდ, სპეციალურ ტაშტში, რომელსაც თავის მხრივ, რიტუალის ენაზე და არამხოლოდ: „ლახანკა“ ერქვა. „ლახანკაში“ პატარა ჯორკო იდო, ნაცნობი სკამი, ამდენი წყლის ვლებისგან უკვე მომპალი და ხან შეიძლება, ფეხიც გაძვრომოდა - ამიტომაც მარადიული მზაობა და შესაბამისი ოსტატობა გჭირდებოდა, სავარაუდოდ დაცემისას, იოლად რომ გამომძვრალიყავი. თუმცა, დროს გამოცდილება მოაქვს, მათ შორის ლამის ორფეხა სკამზე მედგრად ჯდომის - დიდი ტექნიკაა და სხვა თაობისთვის, ვფიქრობ, რომ შეუსწავლელი.
„მაჩალკა“ - მაგიური იარაღი, რომელიც თავის მხრივ განიყოფებოდა - დიდების და ბაღნის „მაჩალკად“.
საპონი, სახელად 75 % - უმეტაფორო საგანია, ვერაფერს ვერ შეადარებ და ვერც იმ სასტიკ წვას შეადარებ რამეს, როცა ამ საპნის ქაფი თვალებში ჩაგდის. გაკრახმალებული პირსახოცით გამშრალება - ერთგვარი განსაწმენდელის რიტუალი, რომელიც მარტო გამშრალება როდია - რაღაც დიდი, საზღვაოსნო მოგზაურობიდან დაბრუნებული კაცის ნაპირზე გადმოსვლას უდრის.
მანამდე, „ლახანკაში“ ჩასვლამდე, მამაჩემის რწმენით, ხელი წყლით უნდა დაგესველებინა და სამჯერ შუბლზე და ერთხელ კეფაზე დაგედო - გეგონება აკვალანგით ოკეანის ჯურღმულებში ჩასაყვინთად ემზადებოდი. სხვანაირად ბანაობის დაწყება აკრძალული იყო - ეს კომპულსია კარგა ხანს გამყვა და ძლივს მოვიშალე. ან ეგებ არმოშლა სჯობდა? არ ვიცი.
დიახ. ოთხმოცდაათინების შუაგულიდან ვიდრე ორიათას წლამდე და შეიძლება მერეც - გურიის და ალბათ სხვა კუთხის ნებისმიერ ოჯახში, მთავარ საცხოვრებელ ოთახში, კვირაში ერთხელ, უფრო შაბათობით - ღუმელი ინთებოდა საგანგებოდ და გამორჩეულად - ყველაზე ხმელი შეშით და სწრაფ-სწრაფი, დაოსტატებული შეკეთებით. ინთებოდა ისე, რომ ლითონი ალაგ-ალაგ წითლდებოდა და ზოგჯერ იბზარებოდა კიდეც. ვედროები მოგუდული ხმით თუხთუხებდნენ. ასე, ალბათ კუპრი იხარშება ჯოჯოხეთში და ჩემთვის ეს საზარელი რიტუალი ჰგავდა კიდეც ჯოჯოხეთს, სადაც მსოფლიოს კეთილშობილ ქალთა ათეულის აუცილებელი წევრი, ნათელა ბებია, მოულოდნელ და დაუნდობელ ლუციფერად იქცეოდა. ეგ იყო, რომ ლუციფერს ხელში სამკბილას ნაცვლად, დიდი ტოლჩა ეჭირა.
რადგანაც შეშა ბლომად იხარჯებოდა, იმ დღეს ბანაობდა ოჯახის ყველა წევრი. იწყებოდა უმცროსით და ქალით სრულდებოდა. როცა ქალის ჯერი დგებოდა, დანარჩენი წევრები ზურგით სხდებოდნენ და ასე გაშეშებით ისხდნენ, სანამ მაგიური სიტყვებუ - „უკვე გევიმშრალე!“ - არ გაისმებოდა.
ვედროები ცივი წყლით ღუმელთან ახლოს იდგა და დიდ ბაკში გადმოცლილ ცხელ წყალს ანელებდი. კარის შეღება ისჯებოდა სიკვდილით. არ ვხუმრობ - მე არასდროს მინახავს ამ დროს ღია კარი. თუ ვინმე სტუმრად მოდიოდა, წესისამებრ შორიდან დასჭყივლებდა:
- ზურიკო სახლშია?
- კი, მარა ტანს იბანს! - იყო პასუხი. ეს პასუხი ზოგჯერ მოტყუებითაც გაისმოდა - მაგალითად, არაბანაობის დღეებში, როგორც სხვა უმტკიცეს არგუმენტთა მსგავსი, რითაც არასასურველ მოსულ ცივად გზას უჭრიდი.
კარი ბანაობისას სულ გადარაზული იყო. იღებოდა მხოლოდ ერთის გამშრალების დასრულებისას, მეორე წევრის განბანვის დაწყებამდე, უსწრაფესი მოძრაობით, ნაბანის გადასაღვრელად. დიდი ტაშტიდან ნაბანი წყლის გადასხმა რომელსაც ამიერიდან მის ჭეშმარიტ სახელს - ლახანკას ვუწოდებთ და ტოლჩაც სჯობს წესისამებრ კურუშკად მოვიხსენიოთ - ცალკე ოსტატობას მოითხოვდა.
- კარგად მეიჟღლიმე, მეიშორე მაი წვირი, კარქათ მეიშორე! დედაა, გოო, ვერ ვასწავლე ამ ბაღანას ტანის დაბანა! მეიჟღლიმე ბებია, მოსახარში მეიჟღლიმე, მაქანე იცის ჭუჭყმა ჩაჯდომა!
- ვიჟღლიმავ! - ამოვიკვნესებდი მე.
- ძალა დაატანე ცოტა! ეიოგრე მაი წვირი, ა, ასთე ეიგორე! ხელს არ მაკიდებიებ, თვარა განახებდი, რაფერც უნდა ეიგორო! - და ნათელა, საკუთარ მკლავზე ატრიალებდა მეორე ხელს მაგალითის მისაცემად, ამიტომაც მარცხენა სახელო სულ სველი ჰქონდა. შენ ცდილობს ჭუჭყის მოცილებას ლამის კანის ქვეშიდანაც კი, მთელი ძალით, მაგრამ ნათელა უკმაყოფილოა.
- მომაკიდებიე ბებია ხელი, ერთხელ მომაკიდებიე ხელზე ხელი და განახებ, რაფერ უნდა ჭუჭყის აგორება! ნენაა, შენ ცოლს რაფერ მეიყვან!
- არ მინდა ცოლი! არ მევიყვან ცოლს არცროის!
რაი?! - იკვილა ნათელამ და კურუშკა წყალში ჩააგდო და თვითონ განზე გახტა. დავრჩი გასაპნული, თვალებდახუჭული და ჯორკოზე ექსპერიმენტულ ქანდაკებასავით მჯდარი. ჭუჭყიანი წყალი ლახანკას წელამდე წვდებოდა - აგორებული წვირი და საპნის ქაფისმგვარი ზოლები წყალმცენარეებივით დუნედ ტივტივებდნენ. ღუმელზე მომდევნოს დასაბანი წყალი დუღდა. დრო არ ითმენდა. გასაღები - ფსკერზე შავად ამოტეხილი კურუშკა, ნათელას ეჭირა და ლახანკასთან მიბრუნებას არ ჩქარობდა. იცოდა ამ საქმის ბოლო. გამოცდილი იყო.
- მევიყვან ცოლს, კლასს რავარც დავამთავრებ! - ვცრუობდი მე.
- მაი გეყოფა? ამაგორებიე წვირი! - გამარჯვებული ხმით იძახდა ნათელა.
- კაი ხო, კაი!
და ნათელა ინკვიზიტორის გულგრილობით იწყებდა ხელებზე კანის გრეხას. ოსტატურ მოძრაობებს ნიშნისმოგებით ახმოვანდება: ,,აა, უყურეფ?? სა გქონდა დატიებული, მოსახარში იცი ჭუჭყმა ჩაჯდომა, მოსახარში!“
- თვალი ამეწვა, საპონი ჩამივიდა მგონია! - წამოვიკნავლებ მე. წესისამებრ, ასეთ დრო წყლის მიშველება უარესია - ნათელა მშრალი ტილოს მოგაწვდის და ამ დროს ძაღლის ყეფა ისმის.
- ქარმა მოარტყა ალბათ რაცხა, ამ დროიზა არავინ არ მევიდოდა ახლა! - თქვა ნათელამ.
მოდი, ჩვენც ჩვენი თხრობა აქ შევწყვიტოთ და ოდესმე გავაგრძელოთ. დიდებულ და სუფთა დღეს გისურვებთ ყველას! #ობსესიები“ - წერს გიორგი კეკელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ეს ის გოგოა...“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე მას შემდეგ, რაც კლიპის ბანერი „თაიმ სქვერზე“ გამოჩნდა