Digest Logo

„ემოციური დისტანცია არ ჩნდება ერთ დღეში, ეს არის პროცესი, რომლის შემჩნევა და შეჩერება შესაძლებელია“ - რას წერს ფსიქოლოგი

1780329272
ნინი დგებუაძე

ხშირად ვხვდებით სიტუაციას, როდესაც ოჯახში სიყვარული ნამდვილად არსებობს, თუმცა ემოციური კავშირი სუსტდება და იკარგება.

ბავშვი ან მოზარდი ფიზიკურად ჩვენ გვერდითაა, მაგრამ შინაგანად იხურება, გაურბის კომუნიკაციას და თავს გაუგებრად გრძნობს.

ემოციური დისტანცია არ ჩნდება ერთ დღეში, ეს არის პროცესი, რომლის შემჩნევა და შეჩერება შესაძლებელია, თუკი გავიგებთ, რა არღვევს სიახლოვეს.

სანამ გამოსავალს ვიპოვით, მნიშვნელოვანია დავინახოთ განშორების პირველი ნიშნები. ბავშვი იწყებს საკუთარი ფიქრებისა და განცდების დამალვას, საუბრისას შემოიფარგლება ერთსიტყვიანი პასუხებით („კი", „არა", „კარგად") და ურჩევნია დრო ოჯახისგან შორს გაატაროს. ხშირია გაღიზიანება მარტივ კითხვებზე და განცდა, რომ სახლში „უცხო“ ადამიანი ცხოვრობს.

მშობლების უმეტესობას საუკეთესო განზრახვები ამოძრავებს, თუმცა გარკვეული ქცევითი პატერნები ბავშვს უბიძგებს, რომ თავდაცვის მიზნით ჩაიკეტოს:

მუდმივი კრიტიკა და გაუფასურება: როდესაც ბავშვი მუდმივად ისმენს შენიშვნებს და მისი პრობლემები ფასდება როგორც "უაზრობა" ან "გადაჭარბებული", მას უჩნდება განცდა, რომ არასწორია. შედეგად, ის წყვეტს საკუთარი ემოციების გაზიარებას, რათა თავიდან აირიდოს მორიგი განსჯა.

პირადი საზღვრების დარღვევა: მიმოწერების კითხვა, ყოველი ნაბიჯის კონტროლი და მეგობრების შერჩევაში უხეში ჩარევა ბავშვში პროტესტს იწვევს. პირადი სივრცის უპატივცემულობა კლავს ნდობას.

გადაჭარბებული მოლოდინები და შედარება: როცა ბავშვისგან მხოლოდ წარმატებას ითხოვენ და მუდმივად ადარებენ და-ძმას ან თანატოლებს, ის ქრონიკულ სტრესშია. შედარება ანადგურებს თვითშეფასებას და უჩენს განცდას, რომ მას ისეთს, როგორიც არის, არ იღებენ.

არათანმიმდევრულობა (ორმაგი გზავნილები): როდესაც დღეს რაღაც შეიძლება, ხვალ კი იმავე ქმედებაზე ბავშვს სჯიან, ეს ქმნის გაურკვევლობასა და შფოთვას. ბავშვი კარგავს საყრდენს.

ჰიპერმზრუნველობა ან ემოციური სიცივე: ზედმეტი მზრუნველობა ართმევს ბავშვს თავისუფლებას და არ აძლევს შეცდომებზე სწავლის საშუალებას, ხოლო ემოციური სიცივე და მხარდაჭერის ნაკლებობა უტოვებს მარტოობისა და მიტოვებულობის განცდას.

ნდობის აღდგენა ყოველდღიური, მცირე ნაბიჯებით შენდება.

ეს პროცესი მოთმინებასა და ემპათიას მოითხოვს:

1 - მოუსმინეთ და გაუგეთ.
2 - მიიღეთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის.
3 - პატივი ეცით მის საზღვრებს.
4 - იყავით მხარდამჭერი და გაუზიარეთ თქვენი გრძნობები.
5- გაატარეთ ხარისხიანი დრო ერთად, იპოვეთ საერთო ინტერესები, თუნდაც ეს იყოს უბრალოდ გასეირნება ან ფილმის ყურება.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-2 ივნისს დასავლეთ საქართველოში – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შორენა ბეგაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს - „სულ ბედნიერი უნდა იყო“

🌸ვაგინიზმი: როცა სხეული „უარს“ ამბობს - რა უნდა ვიცოდეთ ფსიქოსომატურ ბარიერზე?