„ბებია ამბობდა ხოლმე - „მოვკვდები და დავისვენებ!“ რადგან სიკვდილი, თავის მხრივ, არის საყოველთაო წესრიგს შეერთება და ადამიანთაგან სრული დაცულობის საბუთი“ - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„დედაჩემს, თუ მაგიდაზე პურის ნაფხვენს ან თეფშზე ჩვეულებრივი ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველ ლაქას დაინახავდა, ნებისმიერი თავდაუსხმელობის პაქტი შეეძლო დაერღვია და მესამე მსოფლიო ომი წამოეწყო, მოწინააღმდეგის სრული განადგურების პირობით.
ნებისმიერი შესაგებელი - დაღლილი ვარ, ხომ შეიძლება ხვალ დილით ავიღოთ ეგ ციცქნა შეუსმენელი და შეუწყნარებელი იყო.
წესრიგი და დალაგება არის ობსესიური ადამიანის ერთი ნიშანი. რადგან წესრიგი, საკუთარი არსით, უდრის სივრცის კონტროლით გამოწვეულ სიმშვიდეს და თუ უწესრიგობაა, უწესრიგობა უნდა იყოს სრული, როგორც თავისებური წესრიგი.
ქაოსის შიში არქაული შიშია ადამიანის - რაც ანტიკურ მითებშიც იოლად სჩანს და გილგამეშიანშიც - აბანოს ეპიზოდისას; გახსოვთ, ალბათ, კანონთა დაფის გატაცება და სამყაროს არევა.
ამიტომაც, თავს დავდებ - კონსტიტუცია ობსესიური ადამიანის შექმნილია და ობსესიურებივე ცვლიან, როგორც ერთმანეთისგან დაცვის და მანძილის შენარჩუნების კეთილ იძულებას. მაგვარი წესრიგის მიზანიც სიმშვიდეა. და საერთოდ, ადამიანის მთავარი ლტოლვაც ხომ ეგ არის - ყველაზე დიდი ფათერაკების მაძიებლისაც კი, რადგან სიმშვიდე სხვადასხვაობს თავისი ფორმით - ერთს მღელვარე ზღვის ცქერა აწყნარებს, მეორეს - პირიქით.
ბებია ამბობდა ხოლმე - „მოვკვდები და დავისვენებ!“ რადგან სიკვდილი, თავის მხრივ, არის საყოველთაო წესრიგს შეერთება და ადამიანთაგან სრული დაცულობის საბუთი.
სათავგადასავლო რომანებში, კაპიტანი რომ გემბანზე გამოდიოდა და ბოცმანს შესძახებდა:
,,ჯო! ყველაფერი წესრიგშია?!" იყო პასუხი: ,,დიახ, სერ! წესრიგშია! ცაზე ღრუბლის ნატამალიც არ ჩანს!"
დიახ, თუ ნატამალია, უკვე გაღელვებთ.
ნატამალიც არ უნდა იყოს.
ჰოდა, მე ერთხელ საუკეთესო პერანგი იმიტომაც გადავაგდე, რომ შიგნით, სრულიად შეუმჩნეველ ადგილას, პატარა ნარღვევი დავლანდე და ვერაფრით შევეგუე. აბსურდია? ამდენი ამიტომ ვწერე, რომ პერფექციონიზმი - სამყაროსგან დაცვის ყველაზე ზუსტი აქტი აბსურდი გგონიათ? არა. ვერ მოგართვით.
სრულიად პირიქითაა. სრულიად, კაპიტანო!“,- წერს გიორგი კეკელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ზურიკო დავითაშვილი მალე მამა გახდება - ფეხბურთელის ჟესტი გატანილი გოლის შემდეგ
🎥 „მე ჩემი პლანეტით ვიყავი მარსზე“ - რა კადრებს ავრცელებს ირაკლი მაქაცარია
🎥 „დღევანდელ რეპეტიციაზე განსაკუთრებული სტუმრები გვყავდა!“ - რა კადრებს ავრცელებს „სუხიშვილები“