ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე სოციალურ ქსელში აფხაზეთის ომის გმირების, ნუგზარ კახნიაშვილისა და გია ქარუმიძის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მეგობრობის უდიდესი მაგალითზე ჰყვება.
„ვინ იცის მერამდენედ ვწერ და კიდევ რამდენჯერ დავწერ ამ ისტორიას. ისტორიას, რომელიც არათუ დასავიწყებლად, გასახუნებლადაც არ მემეტება.
ნუგზარ კახნიაშვილმა და გია ქარუმიძემ ერთმანეთი აფხაზეთის ომში, გაგრის ბრძოლებისას იპოვეს. მეგობრები ნათესავებიც აღმოჩნდნენ. ერთმანეთს გვერდიდან წუთითაც არ შორდებოდნენ. ჯერ ნუგზარი დაიღუპა. ახლოს მინდა, მყავდესო და გიამ იგი მშობლიური კეხვიდან ორ კვირაში გადმოასვენა.
დაიბარა, როცა მოვკვდები, ნუგზარის გვერდით დამკრძალეთო. ანდერძი შეუსრულეს. ომში ერთმანეთის მხარდამხარ მყოფი თანამებრძოლები თბილისის ზღვის სასაფლაოზე გვერდიგვერდ განისვენებენ.
ეს ერთი, თითქოსდა, ჩვეულებრივი ამბავი მეგობრობის უდიდესი მაგალითი გახდა, რომელიც მინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. ამიტომ, ვიდრე ცოცხალი ვარ, გიას და ნუგზარის ძმობის ისტორიას ყოველთვის გავიხსენებ.
ახლა კი იმ ველური ვარდის შესახებ, რომელიც ფოტოზე ჩანს... 1994 წელს მე და ნუგზარის პატარა დამ, მაკამ, კეხვის ტყეში ვარდები მოვთხარეთ, თბილისში ჩამოვიტანეთ და ნუგზარის საფლავზე დავრგეთ. ყველა გახმა, მხოლოდ ერთი გადარჩა. მას შემდეგ გაზაფხულის მოსვლას შიშით ველოდები ხოლმე, ვაითუ, აღარ ამოიყაროს-მეთქი, მაგრამ რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, 28 წელია, ოკუპირებული კეხვის ტყიდან გადმორგული ველური ვარდი დღემდე ხარობს ბიჭების საფლავზე...
17 აპრილს ნუგზარ კახნიაშვილს 52 წელი შეუსრულდებოდა. 23 წელი დედამიწაზე და 29 წელი შეუცნობელ სამყაროში... დიდება და არდავიწყება გმირებს!!!“, - წერს ზაირა მიქატაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇