ქართველი დედა, რომელმაც ბავშვი გაყიდა, 26 წლის შემდეგ ჯგუფ „ვეძებში“ თავის ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს და შვილის დაბრუნებას ცდილობს. როგორც თავად ამბობს, ოჯახის წევრების მოთხოვნის გამო, მან ბავშვზე უარი თქვა და გაყიდა. იმ თანხით კი დანარჩენ ორ შვილს საჭმელი და ტანსაცმელი უყიდა.
აღნიშნულმა პიროვნებამ მოგვიანებით, ჯგუფის დახმარებით, გასხვისებული შვილის ვინაობა გაარკვია, თუმცა ბავშვმა, ჯერჯერობით, არ იცის, რომ ნაშვილებია.
„ფეხმძიმედ ვიყავი მესამეზე, როცა ქმარს გავშორდი. დედა და ბებია წინააღმდეგები იყვნენ მესამე შვილი გამეჩინა. ბავშვს ვერ გაზრდი და ჩვენც ვერ დაგეხმარებითო. მოკლედ, დავყევი მათ სურვილს. ვიღაცები მოძებნეს და ქუთაისში ლეონიძის ქუჩაზე კერძო სახლში ვიმშობიარე, 1994 წლის 11 იანვარს (ან ბიჭი იყო ან გოგო, არ მითხრეს) 4 კგ იყო ბავშვი... ბებიაქალმა მამშობიარა. ბავშვი გავყიდეთ, ასე გამოვიდა. ფული შუამდგომელმა ბალიშის ქვეშ ჩამიცურა, არ მახსოვს რამდენი იყო, ის ვიცი, რომ იმ ფულით ბავშვებს ვუყიდე ტანსაცმელი და საჭმელი. არ გამკიცხოთ, ვეძებ ჩემს შვილს“, - წერდა დედა.
მოგვიანებით ჯგუფის მოდერატორმა ნინო მინდიაშვილმა დაწერა, რომ დედამ შვილი იპოვა, თუმცა მან არ იცის, რომ გაშვილებულია.
„ამ მძიმე ისტორიას აქვს ბედნიერი გაგრძელება!! ვიპოვეთ ეს გოგონა, რომელმაც არ იცის, რომ ნაშვილებია..
მთავარია უკვე იციან მისი ვინაობა და უფლის წყალობით დასასრულიც იქნება ყველაზე სასიხარულო და ბედნიერი..
თამუნა მუსერიძე, ია ყველაშვილი, აი, ამ ადამიანებს ეკუთვნით სიყვარულიც, სიხარულიც, დაფასებაც, ერთგულებაც და ზღვა ბედნიერებაც..
მათი დამსახურებაა ამ ჯგუფის შექმნა და ამდენი ადამიანის გაბედნიერება, მარიამ დარბაიძე, გილოცავთ, წარმატებები! გელოდებით", - წერს ნინო მინდიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: