Digest Logo

„გასტრიტების და წყლულების ყველაზე ხშირი გამომწვევი არც აჯიკა და არც სტრესია, არამედ...“ - რას წერს ექიმი ლევან შელეგია

1791869619
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც იგი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობს:

1. თუ გინდა შიშის/პანიკის ემოციამ გადაგიაროს, უბრალოდ გაბრაზდი, ოღონდ გულწრფელად, რადგან ადამიანის ტვინი ვერ იქნება ერთდროულად შეშინებულიც და გაბრაზებულიც.

2. თუ გინდა ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრება მაქსიმალური ინვესტიცია გააკეთე კუნთების მასის მომატება-გაძლიერებაში.

ვისაც მხოლოდ ფეხის კუნთები აქვს განვითარებული, უკვე რამდენიმე წლით მეტს ცხოვრობს. სერიოზულად!!!

3. არაანთებითი ტკივილის დროს (თავის, წელის, კისრის) 200 მგ იბუპროფენი იმავენაირად ეფექტურია, როგორც 400 მგ და მეტი.

მეტი იბუპროფენი (400- 600 - 800 მგ) მხოლოდ მაშინ აყუჩებს უკეთესად ტკივილს, თუ ის ანთებითია (კბილის, ყურის, სუნუსების და ჰაიმორის ღრუების, ართრიტის…).

4. შუადღის ძილი მაშინ არის ძალის მომცემი (Power Nap), თუ ის მაქსიმუმ 30-40 წუთი გრძელდება.
იდეალურია 20-25 წუთიანი „წაკიმარება“.

გრძელი ძილი უფრო მოგთენთავთ + ღამის ძილში შეგიშლით ხელს.

5. დეპრესიის, შფოთვითი, ფობიური და პანიკური აშლილობების ყველაზე ეფექტური, მიზეზის აღმომფხვრელი (კაუზალური) მკურნალობა ფსიქოთერაპიაა საერთაშორისო „გაიდლაინებით“.

სხვა ყველაფერი ხშირ შემთხვევაში არის სიმპტომატური და ისიც, ვიდრე წამლებს იღებ.

6. ჭკვიან, რეფლექტირებულ ადამიანს შეუძლებელია, აზრი ან შეხედულება არ შეგეცვალოს ცხოვრების მანძილზე.
ეს ინტელექტის და განვითარების ნიშანია და არა ცვალებადი ხასიათის თუ არასტაბილური
პიროვნების.

7. აზროვნების ყველაზე მაღალი საფეხური არის მეტაკოგნიცია.

8. გლოვა დიდ დანაკარგზე რეაქციაა და სრულიად ბუნებრივი პროცესი. მას მკურნალობა არ სჭირდება.

9. სისხლის გამათხელებლების (კარდიომაგნილი, ასპირინი,ჰეპარინები, პლავიქსი, ქსარელტო...) თვითნებურად მიღება ძალიან საშიშია, რადგან ყველა ასეთმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, მათ შორის ტვინში. ეს კი ხშირად კატასტროფით ან სიკვდილით მთავრდება.

10. დღევანდელი მედიცინა და ფსიქოლოგია იძლევა გააზრებული, ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებული და საკმაოდ უმტკივნეულო ფიზიოლოგიური მშობიარობის საშუალებას.

11. გასტრიტების და წყლულების ყველაზე ხშირი გამომწვევი არც აჯიკა და არც სტრესია, არამედ ვერაგი ბაქტერია ჰელიკობაქტერ პილორი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიკლას 10-14-დღიანი სპეციალური თერაპიით.

12. ქალის ანორგაზმია, როგორც წესი, კაცის არაკომპეტენტურობის ბრალია. ხშირად ელემენტარული ანატომიის არცოდნაა და დეზინტერესი ამ ყველაფრის მიზეზი.

13. მენოპაუზის (კლიმაქსის) შემდეგ ქალებს ხშირად ვაგინალური სიმშრალე აწუხებთ, რაც მტკივნეულს ხდის სქესობრივ აქტს. მიმართეთ გინეკოლოგს, რადგან ეს პრობლემა ადვილად მოგვარებადია.

14. ასაკი არანაირად არ გამორიცხავს სექსუალურად აქტიურ ცხოვრებას. და თუ პრობლემები არის, არასდროს ყოფილა ასეთი პრობლემების მოგვარება ისეთი ადვილი, როგორც დღეს.

15. ანტიდეპრესანტების მოხსნისას წამყვან როლს თამაშობს განწყობა და მოლოდინი. ეს გვაჩვენა ბერლინის „შარიტეს“ დიდმა კვლევამ. ანუ, თუ დააპირებთ ანტიდეპრესანტის მოხსნას. სიხარულით განეწყვეთ, რომ რა კარგი
იქნება წამლის გარეშე, დამოუკიდებლად ცხოვრება.

ესეც ყოველთვის სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ!

16. ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებები არც თუ ისე იშვიათად ნაწლავიდან მოდის.

17. გაუფრთხილდით თქვენ ნაწლავის სისტემას, როგორც გულს, თვალებს, ტვინს.

18. 40 წლის ასაკის მერე ყველამ ერთხელ მაინც უნდა გამოიკვლიოს ნაწლავის ჯანმრთელობა კოლონოსკოპიით. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი ნაწლავის კიბო კარგად ემორჩილება თერაპიას.

19. კარიესის არ მიხედვით მთელი სხეული შეიძლება დაზიანდეს, რადგან კარიესის გამომწვევი ბაქტერიები ყოველთვის მხოლოდ პირში არ ჩერდებიან

20. ჯერ არავინ გამხდარა გეი მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გეები (დაი) ნახა ქუჩაში.

მაგ ლოგიკით, გეები ჰეტეროსექსუალები უნდა ხდებოდნენ ამდენი ჰეტეროსექსუალის გარემოცვაში და საერთოდ აღარ უნდა არსებობდნენ“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ხელსაყრელია შეხვედრები, სწავლის დაწყება, ბიზნესის გახსნა“ - 13 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ოქტომბერს საქართველოში

✕