Digest Logo

„გძულდეს და გეზიზღებოდეს მესი, ნიშნავს, რომ სიამოვნებას ვერ იღებდე მისი თამაშით და ნუ უკეთებთ საკუთარ თავს ამას“ - ცვატა ბერძენიშვილი

1671343936
მოაზროვნე ცვატა ბერძენიშვილი

ფსიქოლოგი, ტრენერი და ინტელექტ კლუბ „რა? სად? როდის?“ წევრი - ცვატა ბერძენიშვილი კონკრეტული ფეხბურთელისადმი მის ნეგატიურ განწყობას იხსენებს და აღნიშნავს თუ როგორ აზიანებდა ეს განწყობა მას და ხელს უშლიდა ეს სიძულვილი ფეხბურთით მიეღო სიამოვნება. 

ცვატა ბერძენიშვილი საკუთარ მაგალითზე ყველას ურჩევს თავი დააღწიონ ცნობილი ფეხბურთელების ზიზღს რადგან ამით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებენ.

„კრიშტიანუ რონალდუ გამოჩენის დღიდან არ მიყვარდა.

არა, „არ მიყვარდა„ რბილი ნათქვამია - მძაგდა, მეზიზღებოდა, ვერ ვიტანდი. ყოველთვის მინდოდა წაეგო, როცა აგებდა, მიხაროდა, როცა იგებდა - მწყინდა. მოკლედ, როგორც იტყვიან, კარგა გვარიანი „ჰეითერი“ გახლდით. წლები ვიყავი ასე და მერე საკუთარ ემოციებს დავუფიქრდი - რატომ ვარ ასე? რას ვიგებ?

ჰოდა აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში, ძალიან ცუდსაც ვუკეთებდი საკუთარ თავს. ჩემი სიძულვილით რონალდუს არაფერი აკლდებოდა, აი მე კი ბევრს ვკარგავდი - წარმოიდგინეთ, როგორია, რონალდუს თამაშს უყურებ, მოედანზე საოცრებებს აკეთებს და ამ დროს სიამოვნებას ვერ იღებ, პირიქით, უსიამოვნების განცდა გაქვს. ისევ მე ვზარალდებოდი.

ამის შემდეგ ვერ ვიტყვი, რომ რონალდუ შემიყვარდა და მისი გულშემატკივარი გავხდი, მაგრამ ლამაზი ფეხბურთით სიამოვნება ვისწავლე, რაშიც მანამდე ეს სიძულვილი მიშლიდა ხელს.

ანალოგიურად მეზიზღებოდა რეალი და მანჩესტერი (რონალდუმდეც), ინგლისი, ბრაზილია და ა.შ. მაგრამ მანდაც ზუსტად იგივე დამემართა (თუ „დავიმართე“) - როცა გუნდი ლამაზად, ფეერიულად თამაშობს, შეიძლება არ ვგულშემატკივრობდე, მაგრამ სიძულვილისგან ბინდი აღარ მეკვრის თვალებზე და ლამაზი ფეხბურთის ყურება მსიამოვნებს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში რონალდუს, რეალის, მანჩესტერის, ინგლისის თუ ბრაზილიის ნაცვლად შეგიძლიათ ჩასვათ ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი, კლუბი თუ ნაკრები - პრინციპი იგივეა.

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალია. ფეხბურთში ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი მატჩი.
საფრანგეთის ნაკრებს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს (მათ შორის, ბევრი ჩემი მეგობარიც) და, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ დღეს საფრანგეთის გამარჯვება სურდეთ, მაგრამ ვინც საფრანგეთს მხოლოდ იმიტომ გულშემატკივრობს, რომ მესი „არ ევასება“, იმას, მგონია რომ, მარტო მესი კი არა, ფეხბურთიც „არ ევასება“.

არ ვიცი, დღევანდელი შეხვედრა როგორ მორჩება და ვინ იზეიმებს ჩემპიონობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვიტყვი, რომ როსარიოელი ჯადოქარი უდიდესია მათ შორის, ვინც ოდესმე ბურთს ფეხით შეხებია.
გძულდეს და გეზიზღებოდეს მესი, ნიშნავს, რომ სიამოვნებას ვერ იღებდე მისი თამაშით და ნუ უკეთებთ საკუთარ თავს ამას, თორემ მესის არაფერი აკლდება მაგით“, - წერს ცვატა ბერძენიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ალტინფოელებმა თუ შეგაწუხეს, მომწერე, ჩემო დაო... ინტიმფო ყიფილა ეგ... შიშველი სხეულის ფოტოებსაც გაუგზავნიდა...“ - რას წერენ სოცქსელში ზურაბ მახარაძეზე

🔵„მრცხვენია საკუთარი თავის…“ – გოგოლა კალანდაძე

🔵„ეს კადრები იმას მოწმობს, რომ მას ფსიქიკური აშლილობა აქვს და შესაბამისად სასჯელის გადავადება ეხება!“ - ინგა ბერიკაშვილი