Feedc-ის დამფუძნებელი, ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს ვერაზე დაჭრეს. ორი თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა და მანქანასთან ჩაცხრილა. 22 წლის ნიკო 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ტრაგიკული ამბიდან 3 წელი გავიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკოს დედამ იზა ომაძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
„ყველაზე საშინელი დღე თენდება 15 სექტემბერი!!! ვერაგულად დაგვიხვრიტეს შენი სხეული შვილო, რატომ კარგი გაგიზრდიათო!!
მესამე წელი მიილია, მესამე ჯოჯოხეთური წელი, ტკივილამდე გვენატრები ნიკო.
ეს ვერაგული, ტერორისტული აქტი ჩვენდა გასაკვირად, დიახ გა - სა- კვი -რად, საკუთარ თავზე აიღო საქართველოს ხელისუფლებამ, მფარველობს მკვლელებსაც და მკვლელობის დამკვეთებსაც. ერთი აგურითაც კი არ წაწეულან წინ , რომ არა კამერები რომელმაც ის საზარელი დღე დააფიქსირა, ალბათ გვეტყოდა საქართველოს პროკურატურა თავისით დაიხვრიტა თავი ნიკო კვარაცხელიამო.. შენი მკვლელობის გამოუძიებელი საქმე სამარცხვინო ლაქაა ქართული ოცნების ხელისუფლებისა.
„არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა,
მტრები არ შეგიბრალებენ, ვაებითა და ვიშითა “.
გვეუბნება ქართული ანდაზა და სრულიად სამართლიანად…
ეს ჯირითი ნიკო შვილო შენი ბოლო ჯირითი იყო, მესამე წელია ამ ცხენის ფლოქვების ხმა ძილშიც ჩამესმის, ცხენის სახელი არ ვიცოდი და ფბ მომხმარებელმა მომწერა…
თერგი რქმევია ამ ცხენს, თე - რგი!!!
ჰოდა თერგი რბის, თერგი ღრიალებს ქართველ ხალხის ბანი კი მსოფლიოს აოცებს საუკუნეებია !!!
ძაღლი ყეფს ქარვანი მიდისო ისეა ჩემი საქმე შვილო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ უფალი დიდია !!!!
ნათელში იყოსო, მიჭირს თქმა. შენ ხომ თვითონ ხარ სინათლე, თან თურმე თვალი მოგიჭრია კაცთმოძულეთათვის…
ღმერთო, მაღალო ჩვენსავით გამწარებას არავისას გთხოვ, მაგრამ მანამ ნუ გაგვიყვან ამ ქვეყნიდან სანამ უახლესი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის მოღალატეთა სახელების გვერდით ნიკოს მკვლელობა რომ მოიფიქრა, იმ კაცის სახელი არ ჩაიწერება…
მოთმინების ძალას გთხოვ უფალო, მოთმინების!!“, - წერს იზა ომაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა