ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ლაშა შაკულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართულ მედიასაშუალებებს მიმართავს:
„შუადღე მშვიდობისა.
ინფორმაცია თელ ავივის დროით 12:00 საათზე.
ახლა, მანამ სანამ სიახლეებზე დავწერ, უნდა განვმარტო ამ სამხედრო მოქმედებას რა ტერმინოლოგიით მოიხსენიებს ისრაელის სახელმწიფო: „ღაზას ომი“, „ისრაელის ომი ჰამასის წინააღმდეგ“ და „ოპერაცია რკინის ხმლები“. გთხოვთ, ქართულ მედიას და საზოგადოებას, ნუ წერთ ცრუ ინფორმაციას, რომ ისრაელს პალესტინელების წინააღმდეგ აქვს ომი გაჩაღებული. აი, მხოლოდ ამ სამი ტერმინით იხსენიება აქ ეს საომარი მოქმედება.
- ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა განაცხადა რომ ოფიციალურად დაიწყო 7 სამხრეთული დასახლების ევაკუაცია, სადაც ჰამასი ისევ აქტიურია და სადაც ისრაელი სრული იერიშის მიტანას გეგმავს. ერთ-ერთი დასახლება, რომელიც თითქოს გათავისუფლებული იყო - დღეს დილით 10 ტერორისტი მიწიდან „ამოიზარდა“.
- ერთ-ერთ სამხრეთულ დასახლებაში ჰამასის ტერორისტებმა გაიტაცეს მანქანა და #4 მაგისტრალით ისრაელის ცენტრალური ნაწილისაკენ მოძრაობდნენ. ეს გზა აშდოდისა და თელ ავივისკენ მოდის. ისრაელის სახელმწიფო ყველას მოუწოდებს რომ ამ საკითსაც ყურადღება მიაქციოთ, რადგან უცნობია სხვა ტერორისტებიც თუ სხედან ასეთ მანქანებში;
- ეგვიპტეში, ალექსანდრიაში, ისრაელელი ტურისტების ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს და 2 ადამიანი ადგილზეა მოკლული;
- ისრაელის სახელმწიფომ უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრებ ადამიანებს სთხოვა დაიწყონ ევაკუაცია, რადგან ჰეზბოლამ არაერთხელ შემოუტია და თავდასხვა ისევ იგეგმება;
- ამ ეტაპზე, გაზადან, ისრაელისკენ ისროლეს 4000 რაკეტა; დაღუპულთა რაოდენობა 300-ს გადაცდა; დაჭრილებისა კი 1800სს; ღაზას სექტორში გატაცებულია 100-ზე მეტი ისრაელელი სამოქალაქო და სამხედრო პირი;
- რაც შეეხება ცენტრალურ ისრაელს; გამკაცრებულია პოლიცია ბათ იამსა და იაფოში, სადაც შერეული არაბულ-ებრაული მოსახლეობაა. ჰამასმა არაერთხელ მოუწოდა არაბებს ებრაელებზე თავდასხმისაკენ და სერიოზული საფრთხეა რომ შერეულ ქალაქებში არეულობა ამ ჭრილში დაიწყოს. 2023 წლის მონაცემებით, ისრაელის ეთნიკურად არაბი მოსახლეობა არის 2.1 მილიონი ადამიანი, მოსახლეობის 21 %. ეს არიან საზოგადოებაში ინტეგრირებული ადამიანები, რომლებიც ივრითსა და არაბულზე საუბრობენ და რომელთა შორისაც კარგი მეგობრები/კოლეგები გვყავს. საფრთხე არის პალესტინის ტერორიაზე მცხოვრები პირებისაგან, რომელთა მცირე ნაწილმა, გუშინ, ისრაელზე თავდასხვა ზეიმით აღნიშნა.
- წუხელ, ღამე, ისრაელმა ღაზას სექტორს ელ. ენერგიის მიწოდება შეუზღუდა. ღამიდან იბომბება ღაზას სექტორში ჰამასის ნებისმიერი მაღალი თუ დაბალი რანგის ორგანიზაციული დანაყოფი და მათი ოფისი;
- ჰამასმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ რომ ამ თავდასხმის მიზანი მათი მებრძოლებისათვის ჰამასის ძალის ჩვენება იყო, რათა მეტნი გამოვიდნენ და ისრაელის წინააღმდეგ იგრძოლონ. რამდენიმე წუთის წინ კიდევ გაიმეორა, რომ ღაზა ყველა სცენარისთვის მზად არის და ისრაელზე თავდასხმას ისევ აპირებენ.
- გადმოწერეთ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სპეც. აპლიკაცია "Home Front Command" და მიუთითეთ თქვენი ქალაქი;
პ.ს. გთხოვთ, ხოცვის, გაუპატიურების და გატაცების კადრებს ნუ აზიარებთ. ჰამასი ამას უკვე აკეთებს და ყველაფერს ვხედავთ. მესმის, ამ ბრძოლაში უკვე ყველას გვყავს საყვარელი ადამიანები, რომლებსაც ვერ ვურეკავთ და რომელთა გამოც ბრაზი გვხრავს!“, - წერს ლაშა შაკულაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში
🎥 ანრი ჯოხაძის დაუვიწყარი კონცერტი ჭიათურაში - კადრები ადგილიდან