Digest Logo

„ინვალიდის ეტლს რომ არ ვარ მიჯაჭვული, ეგ რატო არ გიკვირთ? მე შევიყვარე ჩემი თავი, ისეთი როგორიც ახლა ვარ! და ნეტავ ჩემი ბაჩოც გადარჩენილიყო და ისიც შეცვლილი ყოფილიყო...“ - ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

1775453314
ლიკა კუჭუხიძე

ლიკუნა კუჭუხიძე, რომელიც უმძიმეს ავარიას გადაურჩა, სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც იმ რთულ პერიოდზე ისაუბრა, რისი გავლაც მას მოუწია და რასაც ახლა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადის. 

ინტერვიუს შემდეგ მან პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას მიმართვას და კადრებს აქვეყნებს, სადაც იგი აპარატზე შეერთებული.

ლიკუნა იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებმაც ვიზუალის გამო გააკრიტიკეს.

„ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა ჩემთვის დიდი ნაბიჯი და დიდი ბრძოლა იყო.

ეს არ იყო უბრალოდ გამოსვლა, ეს იყო ჩემი თავის დაძლევა, ჩემი ტკივილების წინაშე დადგომა და მაინც საუბარი, მაგრამ მე ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა რომ გადავწყვიტე, არც მიფიქრია, რომ ჩემს გარეგნობას შეეხებოდით, მსგავს კომენტარებს დამიწერდით და პირადშიც მომწერდით, „ვაიმე, სახელი და გვარი რომ არ წამეკითხა, ვერც ვიცნობდი ამ გოგოსო“; „ვაიმე, ეს ის გოგოა, როგორ შეცვლილა“; „ვაიმე, დარდისგან როგორი დაბერებულია“; „ვაიმე, თმა რატო შეიჭრა?“ „ვაიმე, როგორი შესიებული აქვს სახე“.

ვიცი, რომ ამ კომენტარებს ცუდი მიზნით არ მიწერთ და ვიცი, რომ გული შეგტკივათ ჩემ ტრაგედიაზე, მაგრამ მე რომ საკმარისზე მეტი ძალა არ მქონდეს, ალბათ ამ კომენტარების და პირადში მოწერების გამო თუ როგორი დაბერებული და შეცვლილი ვარ, ალბათ მთელი ცხოვრება სახლში ჩავიკეტებოდი. საერთოდ, როგორ არ გიკვირთ, დღეს ასე რომ ვარ და მყარად ვდგავარ ფეხზე, იმ ყველაფრის მერე, რაც მე გადავიტანე? თმა კიდე ჩემი ნებით არ შემიჭრია, გადამპარსეს როცა სიკვდილს ვებრძოდი და თავში იმპლანტი ჩადეს, რომ გაეკონტროლებინათ ყველაფერი, და ინვალიდის ეტლს რომ არ ვარ მიჯაჭვული, ეგ რატო არ გიკვირთ?

მე 2თვე გაუნძრევლად ვიწექი რეანიმაციაში, რადგან ხერხემლის მალები მქონდა დაზიანებული და ჩემი პატარა, უშნო მოძრაობის გამო შეიძლება ხერხემლის ძვლის ტვინი დაზიანებულიყო, რის შედეგად დღეს ხეიბარი ვიქნებოდი.

ექიმებსაც კი უკვირთ, როგორ გადავურჩი ამ ყველაფერს, და თქვენ ჩემი ასეთი გარეგნობა როგორ გაკვირვებთ? თქვენ არ იყო ჩემს გადარჩენაზე რომ ლოცულობდით? რა გეგონათ ისევ იმ გარეგნობის ლიკა დაგხვდებოდათ?

რაც არ უნდა ადამიანი შეცვლილი იყოს, ეს როგორ უნდა დაუწეროთ?

მაგას ჯობია საერთოდ არაფერი დაწეროთ, და უბრალოდ ასქროლოთ პოსტი.

კიდევ გავიმეორებ რომ ჩემთვის ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ვიცოდი, რომ ადამიანები როგორც კარგ კომენტარებს ასევე ცუდ კომენტარებსაც დაწერდნენ, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ გარეგნობაზე გაამახვილებდით ყურადღებას.

მადლობა ღმერთს, რომ სიცოცხლე მაჩუქა და მადლობა თქვენ ვინც ჩემზე ლოცულობდით. მე შევიყვარე ჩემი თავი, ისეთი როგორიც ახლა ვარ! და ნეტავ ჩემი ბაჩოც გადარჩენილიყო, და მასაც ებრძოლა ჩემსავით.

ისიც შეცვლილი ყოფილიყო, არ ჰქონოდა ფეხი არ ჰქონოდა ხელი, მაგრამ ყოფილიყო ჩვენს გვერდით, ოღონდ ყოფილიყო ესუნთქა და ეცხოვრა ჩვენთან ერთად“, - წერს ლიკუნა კუჭუხიძე.

ცნობისთვის, უმძიმესი ავარია 24 ოქტომბერს, სამტრედია–აბაშის გზაზე მოხდა, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭის, ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. 19 წლის ბიჭი, სამწუხაროდ, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა — მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.

ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა 18 წლის ლიკა კუჭუხიძე, რომლის გადარჩენისთვის მთელი საქართველო ლოცულობდა. საბედნიეროდ მისი გადარჩენა მოხერხდა.