აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და ონლაინ სივრცეში მის მიმართ გამოხატულ კრიტიკასა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს ეხმაურება.
მისი თქმით, სოციალური ქსელები საჯარო სივრცეს ჰგავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ ადამიანის შეურაცხყოფა ან პირად სივრცეში აგრესიულად ჩარევა.
„ძალიან არასასიამოვნო რაღაც უნდა დავწერო და ყურადღებით მიიღეთ.
სოციალური ქსელები არის ვირტუალური ქუჩა. ჩემი პროფილი საჯაროა, რაც ნიშნავს, რომ ქუჩაში ვდგავარ.
რაც არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ვირტუალურად შემაფურთხოთ, გამაუპატიუროთ, მიყვიროთ სახეში და თქვენი მოსაზრება დამაძალოთ, ვინ ვარ მე.
თუ მე ვარსებობ ამ სივრცეში, მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა მქონდეს ქსელები ჩემი ერთ-ერთი პროფესიიდან – performer – გამომდინარე.
მაგრამ, რაც არ უნდა ჭკვიანი და განათლებული ვიყო, მეც მაქვს ადამიანურად ბედნიერი და სევდიანი მომენტები.
ვარ ძალიან მხიარული ადამიანი და ვცდი სკეჩებსაც, რის მოწმეც ძალიან ხშირად გამხდარხართ, მაგ.: „კიკლი კიკლო კიბესა“, კურდღლის როლში, ყოფილი მთავრობის შარჟები.
მქონდა YouTube-ის ვიდეო დღიურები მაშინ, როცა არავის ჰქონდა – მაგალითად, ვისაც ახსოვს ჩემი martini-ს ვიდეო. ასევე – მოკლე მემოები ალეგორიული შინაარსით, მოკლე ვიდეოები, moodboard-ები ჩემი შინაგანი სამყაროს განწყობის, ჩემი პოეზია სხვადასხვა ენაზე, ესსეები, მოთხრობები, სიახლეები ჩემს ცხოვრებაში.
მოკლედ, იმას ვაზიარებ, რასაც მეგობრებს და მასმედიას ვუზიარებ.
ქუჩაში, უცნობების გარდა, მყავს უამრავი ნაცნობი, ვისაც აინტერესებს ჩემს არსებობაზე გარკვეული ინფორმაცია.
ხშირად კონტენტის კოდირებას ვახდენ, რაც მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანების საყურადღებოდ იდება.
გაითვალისწინეთ: ქართული სივრცის გარდა არსებობს მსოფლიო და ის ქვეყანა, სადაც მე ვცხოვრობ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ რაც არ უნდა მიყვარდეს ჩემი ხალხი, თუ განვითარების ასპექტი მსურს, რამდენიმე ნაბიჯით წინ უნდა ვიარო საშუალო სტატისტიკურ მოსაზრებაზე (ჩემი აზრით), რათა რაღაც მოვუტანო ჩემს ქვეყანას.
თქვენ და დედა ბუნება ხართ მოწმე – ან ვამბობ სიმართლეს, ან საერთოდ არ გამოვხატავ აზრს. თან ვითვალისწინებ კანონს და, მთლიანობაში, ადამიანობის პრინციპებს.
თუ თქვენ გაქვთ მოსაზრება ჩემზე – მოგწონთ თუ არ მოგწონთ რაიმე ჩემში – მე თქვენი თოჯინა არ ვარ, რომ გადამაკეთოთ.
ხშირ შემთხვევაში მე განსახილველად არ გამოვთქვამ ჩემს აზრს, არამედ ჩემს მოსაზრებას ვაზიარებ იმის საჩვენებლად, რა არის ჩემი პოზიცია.
რადგან სოცქსელები ქუჩაა და თქვენი შეურაცხყოფისა და „ფურთხისგან“ დაცვის მექანიზმი არ არსებობს, და ნებისმიერ მენტალურ პაციენტს აქვს წვდომა საჯარო პროფილებზე – როგორც ჩემია – გაითვალისწინეთ, რომ ვიღაცის აზრი ჩემს რეალობაზე ჩემზე არ მოქმედებს.
მაგრამ მე არ ვარ თქვენი ვუდუს თოჯინა, თქვენი კომპლექსების ნემსების ჩასარჭობი ბალიში.
არ ვაპირებ ჩემი ლექსიკონისა და სინტაქსის გამარტივებას, ხელმისაწვდომ ენაზე.
თუ არ გესმით, რას ვწერ – ესე იგი რაღაც თქვენთვის არ დაიწერა. გაატარეთ.
წარმატებებს ვუსურვებ ყველას თავის სიბრტყეში.
ეს ჩემი პროფილია და მე მას დავიცავ, ისევე როგორც ჩემს იმიჯს, რომელიც 2011 წლიდან შავი ჯვარცმა გახადეს სატანებმა პოლიტიკური პასეანსის თამაშში.
ჩემი უფლებები დაცულია აშშ-ისა და საქართველოს კანონმდებლობით. ორივე იურისდიქციას ვეკუთვნი და ვემორჩილები, ვიხდი გადასახადებს და არ ვარ ვალდებული ქუჩას ანგარიში ჩავაბარო.
ქუჩაში უცხო გამვლელებს გთხოვთ: ნუ შემოდიხართ ჩემს ტერიტორიაზე ნეგატიური განწყობით და თავდასხმით. ეს ჩემი ტერიტორიაა და მე მას მთელი სერიოზულობით ვიცავ.
ყველას ეხება – მეგობრის ტყავში ჩასმულ არაკეთილმსურველებს და აგენტებსაც. გარჩევთ, ვხედავ და გაკვირდებით. არსებობს ხაზი, რომლის შემდეგ ოფიციალურ ზომებს ვიღებ.
მადლობა ნამდვილ ადამიანებს, ვინც პატივისცემით იქცევიან „ქუჩაში“.
ცხოვრება ერთი ფურთხით არ მთავრდება – ხვალაც უნდა გქონდეთ სახე გამოსაჩენი.
ასეა თუ ისე, ჩემი ცხოვრება გრძელდება – თქვენს აზრთან ერთად ან მის გარეშე – იმ მიმართულებით, რომელსაც მე ვირჩევ.
ფოტო დედაჩემის გადაღებულია. საუკეთესო ფოტოებს დედაჩემი მიღებს“,- წერს მსახიობი.