განათლების სამინისტრო სკოლებს მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიის მოწყობის უფლებას აძლევს, მოსწავლეების ღამის თევით ქალაქიდან გასვლა კი იკრძალება. ამასთან, ექსკურსიის ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კმ-ს არ აღემატებოდეს.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში სკოლის ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის სოფი ნიკოლეიშვილის და - სალომე ბარკერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სოფის საქმე სასამართლოში ჯერაც არ დასრულებულა.
„2019 წლის 26 მაისს სკოლის ექსკურსიაზე წასული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი მეორე დღეს სახლში მკვდარი ჩამოვასვენეთ.
სოფი ნინოსხევის ჩანჩქერში თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან ერთად ბანაობისას დინებამ წაიღო და წყალში დაიხრჩო.
საქმეზე გამოძიება მეორე დღეს, 2019 წლის 27 მაისს დაიწყო 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), რამდენიმეთვიანი ტანჯვის მერე მაღირსეს დაზარალებულის სტატუსი, ერთი წლის შემდეგ კი, (ფეისბუკზე ოცჯერ დაწერილი „პროკურატურა, ჰა რას შვრებით, ხო არ დაგავიწყდით” პოსტის მერე) 2020 წლის პირველ ივლისს საქმე გადაკვალიფიცირდა და სოფის ორ მასწავლებელს ბრალი წარედგინა 220-ე, გულგრილობის მუხლით, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ტომ-ნახევრიანი საქმე გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაეცა განსახილველად. ორი წლის განმავლობაში სულ ჩატარდა ათამდე პროცესი და გამოიკითხა ათამდე მოწმე. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით გამოკითხულები არიან მხოლოდ სკოლის მოსწავლეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები. გამოსაკითხია ადგილზე შემთხვევის ადგილას მყოფი და ფაქტის შემსწრე ოთხი მოწმე, რომელიც არ წარმოადგენს არც სკოლას და არც დაცული ტერიტორიების (Oh, the irony) სააგენტოს.
ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართა 2021 წლის ივლისში! ამის შემდეგ სასამართლო პროცესი აღარ გამართულა და სხვადასხვა მიზეზებით (პანდემია, შვებულება, არჩევნები..) გადადებულია გაურკვეველი დროით.
ახლა 2022 წლის მაისია, სოფის სიკვდილიდან სამი წელი გავიდა. და უკვე 9 თვეა სასამართლო აღარ მიმდინარეობს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს განრიგში თვის ბოლომდე ჩანიშნული საქმეების სიაში სოფის საქმე არ იძებნება.
შესაბამისად, ხვალ, 6 მაისს ვაპირებდი გურჯაანის სასამართლოს წინ ჩასვლას სამი ბანერით - რას ელოდებით ამდენ ხანს? (რეფერენსი: 3 Billboards Outside Ebbing, Missouri) და ამ პოსტის გამოქვეყნებასაც ხვალ ვაპირებდი, ბანერების ფოტოთი. თუმცა, მოულოდნელად და სასწაულებრივად (ჰაჰ) დღეს შეგვატყობინეს, რომ მაისში ერთბაშად 3 პროცესი ჩაინიშნა ყოველ ორშაბათს.
ალბათ უბრალოდ დამთხვევაა, აბა რა.
#ძაანსაყვარელისაქართველო.
პ.ს. ასევე დღევანდელი ექსკურსიის რადიუსის ამკრძალავი კანონი, რა თქმა უნდა, კომიკური მგონია, თუმცა მდინარეებსა და სხვა „საშიშ” ტერიტორიებზე ბავშვების ტანტალიც იკრძალება ამ ახალი კანონით და მივესალმები, რამდენადაც შესაძლებელია.
მაინცდამაინც კანონში თუ არ ჩაგიწერეს ისე ვერ ხვდებით ვითომ მაგდენს, რომ ექსკურსია საქეიფო და გასალეში ადგილი არ არის??
რომ ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია? მაგრამ იქნებ ვერც ხვდებით. Who knows.
სოფის სკოლა რომ პასუხისმგებლობას ამის მიუხედავად ვერ აირიდებთ, მაგასაც შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, ყოველი შემთხვევისთვის“, - წერს სალომე ბარკერი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 თუ თქვენ უძილობა გაწუხებთ, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვისაა - გიორგი ღოღობერიძის რჩევები