გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს.
„თუ არ შეგიძლია უბრალოდ ისე გააკეთო სიკეთე, რომ პირველ რიგში შენ ისიამოვნო შენივე საქციელით და ეს შეგრძნება იყოს შენი ერთადერთი ჯილდო, მაშინ არ გააკეთო!“ - მოუწოდებს ექიმი ადამიანებს:
„სიკეთის კეთების ანოტაცია:
„მოლოდინი არის ფესვი ყველა გულისტკივილისა“.
რთულია, არ დაეთანხმო შექსპირს ამ პუნქტში. მით უმეტეს, თუ მოლოდინს მიმაგრებული აქვს გარკვეული ტიპის დანამატი.
მაგალითად, ხშირად მსმენია გულნატკენი ადამიანებისგან, რომ ისინი სულ გვერდით ედგნენ მეგობრებს, ახლა ისინი თავად ავად არიან და იმ მეგობრებს არ დაურეკავთ ყოველდღიურ რეჟიმში.
ან ხასიათამღვრეული რეპლიკა: „მე მის შვილს უფასოდ ვამეცადინებდი და ახლა მას ჩემი შვილის დაბადების დღე დაავიწყდა“.
თუნდაც: „როცა ვჭირდებოდი, ყოველ დღე მკითხულობდა. ახლა გათხოვდა მილიონერზე და აღარც ვახსოვარ“.
უამრავი ადამიანისგან მსმენია და მესმის ასეთი გულის ტკივილები. ეს ადამიანები ხანდახან ამას ისე განიცდიან, რომ დეპრესიაშიც გადასდით ეს განცდა.
ანუ, რა გამოდის? იმისათვის, რომ გული არ მეტკინოს, არავის არაფერი კარგი აღარ გავუკეთო? არა!
ვისაც რა გინდა ის გაუკეთე, მაგრამ ნუ მიაბამ ამას უჩინარ ხარკად სიკეთის მიმღების დავალდებულებას და შესაბამის მოლოდინს.
კარგმა საქმეებმა შეიძლება გული გაგიხეთქოს, თუ შენ მათ სიკეთის დაბრუნების ათვლის წერტილად ბოროტად გამოიყენებ.
თუ არ შეგიძლია უბრალოდ ისე გააკეთო სიკეთე, რომ პირველ რიგში შენ ისიამოვნო შენივე საქციელით და ეს შეგრძნება იყოს შენი ერთადერთი ჯილდო, მაშინ არ გააკეთო! თორემ აუცილებლად გულისტკივილად დაგიბრუნდება, ისევ შენი ეგოცენტრული მოლოდინის გამო.
ან სანამ ვინმეს დააბრალებ უყურადღებობის სივირეს, კარგად დაფიქრდი: შენ ნუთუ ასეთი ყურადღებიანი იყავი მის მიმართ?
ესეც არის ხოლმე, ხანდახან გვავიწყდება ეგოშელახულებს, რომ რეალურად არც ჩვენ გამოვირჩეოდით იმ საქციელის კეთებით, რომელსაც ახლა ასეთი ტკივილით ველით ჩვენი მიმართულებით.
არ შეგიძლია სიკეთის უბრალოდ, შენთვის, მოთხოვნილების დონეზე კეთება? მაშინ არ გააკეთო!
რადგან სიკეთემ შეიძლება გაგანადგუროს, თუ შენ მას მოლოდინით მოწამლავ“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელსაც 2025 წლის დეკემბერში განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელოდება
🎥 „სიყვარულის გოგო, უმშვენიერესი“ - მატილდა გვარლიანის ახალი ფოტოები სოცქსელიდან