თურქეთის და შოვის ტრაგედიების დროს სპეციალურად გაწვრთნილი მაშველი ძაღლები მუშაობდნენ, რომლებიც ადამიანების ძებნისა და გადარჩენის საქმეში იყვნენ ჩართულნი, მათ შორის იყო ვეტერანი ძაღლი „ალფა“, რომელიც ამჟამად თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარშია მიტოვებული. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტიდან ხდება ცნობილი.
,,თავშესაფრიდან ჩუქდება ძალიან ჭკვიანი ხვადი გერმანული ნაგაზი. 6 წლის. სახელად ალფა. ის მსახურობდა სახელმწიფო სამსახურში და ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული საზოგადოებისთვის. ახლა მას სჭირდება თქვენი დახმარება და ოჯახური სითბო”, – წერს თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრი ფეისბუკგვერდზე.
მომხდარს ცხოველთა უფლებადამცველი, ქეთა გაბუნიაც ეხმაურება და საზოგადოებას მისი დახმარებისკენ მოუწოდებს.
„გაწვრთნილი და სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ძაღლი ჩააბარეს თავშესაფარში. ხვდებით ხომ უგულობის და უსიყვარულობის რამხელა გამოვლინებაა ეს. ამ სამსახურში ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, ვინც ვეტერანს ღირსეულ ცხოვრებას აჩუქებდა და მის ერთგულებას დააფასებდა.
იჩუქეთ, გთხოვთ”, - წერს გაბუნია.
„დაიჯესტმა“ აღნიშნული ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაამოწმა და მათი ცნობით, ძაღლს, სახელად „ალფას“, რომელიც თავშესაფარში იმყოფება, არასდროს უმუშავია მათ უწყებაში, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: