საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
პანაშვიდზე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რასაც სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ხათუნა შარაძე გამოეხმაურა:
„არ ვიცი, ეს რამდენად ნორმალურია, მაგრამ რელიგია ჩემით ვისწავლე. მართლმადიდებლობა კი დედამ მასწავლა. თუმცა საბოლოოდ, ჩემი ყველაზე დიდი მასწავლებელი მაინც ცხოვრება აღმოჩნდა.
არც ისე დიდი ხნის წინ ერთ ემიგრანტ ქალს ვესაუბრე. მითხრა, რომ ცხოვრების ერთ ეტაპზე თურქეთში იყო გადახვეწილი, ახლა კი იტალიაში ცხოვრობს. საუბარში გამანდო ერთი ისტორია: თურქეთში ყოფნისას ისეთ სათნო მუსლიმან ქალთან მუშაობდა, რომ ერთხელ საკუთარ რწმენაზე ღრმად დაფიქრდა და საკუთარ თავს ჰკითხა, ნუთუ ეს ქალი, მხოლოდ იმიტომ, რომ მუსლიმანია, სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში უნდა მოხვდესო?
ამ ერთ კითხვაში იმდენი სიბრძნე და ადამიანურობა იდო, თითქოს მთელი თეოლოგია ერთ წინადადებაში დაეტია.
დღეს, როცა ამ ფოტოს ვუყურებ, კიდევ უფრო მტკიცედ მჯერა, რომ ღმერთი მართლაც ერთია. უბრალოდ, სხვადასხვა ხალხში მას სხვადასხვა სახე აქვს, სხვადასხვა ენაზე ეხმიანებიან და სხვადასხვა სამოსით წარმოგვიდგება.
ღმერთი სიყვარულია, ადამიანად ყოფნის სიყვარული და, ალბათ, ბოლოს სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი.
ფოტოზე ხედავთ საქართველოში მოღვაწე სხვა და სხვა რელიგიური კონფესიების ლიდერებს პატრიარქის სამძიმარზე“, - წერს ხათუნა შარაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: