
სოციალურ ქსელში გვერდი „ეროვნული კინოცენტრი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ გარდაიცვალა კინომცოდნე არჩილ შუბაშვილი.
„ეროვნული კინოცენტრი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა კინომცოდნე არჩილ შუბაშვილი.
იგი მრავალი წლის განმავლობაში ქართული კინოს დიდი გულშემატკივარი იყო, ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას, მისი წერილები იბეჭდებოდა არაერთ გამოცემაში, იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის მდივანი.
არჩილ შუბაშვილის ორგანიზებით, სხვადასხვა წლებში ქართული კინოს დღეები ჩატარდა თურქეთსა და დანიაში, მისი თანაავტორობით გამოიცა „ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფია“, მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის კონსულტანტად და სცენარისტად.
არჩილ შუბაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ეროვნულ კინოცენტრთან და არაერთხელ იყო კინოცენტრის კონკურსების საექსპერტო კომისიის წევრი.
ეროვნული კინოცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს არჩილ შუბაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“,- ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.