Digest Logo

„კვლევებმა აჩვენა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების განვითარების რისკი...“ - რას წერს ნატა გაგუა ოზემპიკსა და მანჯაროზე

1780932526
ნატა გაგუა

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს, სადაც ცნობილ პრეპარატებზე ოზემპიკსა და მანჯაროზე საუბრობს.

მისი თქმით, მკურნალობის არჩევა უნდა ეფუძნებოდეს არა „ტრენდებსა“ და მარკეტინგულ დაპირებებს, არამედ ინდივიდუალურ კლინიკურ შეფასებასა და სამედიცინო ჩვენებებს:

„ეს პრეპარატები თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ისინი გავლენას ახდენენ შიმშილისა და დანაყრების რეგულაციაზე, აძლიერებენ დანაყრების შეგრძნებას და ანელებენ კუჭის დაცლას. ეს ეფექტური მექანიზმია, თუმცა არა ნეიტრალური - ნებისმიერი ფიზიოლოგიური ჩარევა ორგანიზმისგან პასუხს მოითხოვს, რის გამოც გვერდითი მოვლენები მათი მოქმედების მექანიზმის ბუნებრივი ნაწილია.

ინექცია ცვლის ფიზიოლოგიურ პროცესებს, მაგრამ ვერ ცვლის კვებით ჩვევებს, ემოციურ კავშირს საკვებთან და იმ ღრმა მიზეზებს, რომლებმაც წონის მატება განაპირობა. მეტაბოლიზმი დინამიკური სისტემაა - ბიოლოგიური, ჰორმონალური, ფსიქოლოგიური და ქცევითი ფაქტორების რთული ურთიერთქმედება. პრეპარატი ვერ ჩაანაცვლებს ამ სისტემის ყველა კომპონენტს.

ჯანმრთელობა სასწორზე დანახული ციფრი არ არის. ის ბალანსია - მეტაბოლური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური. ამიტომ მკურნალობის არჩევა უნდა ეფუძნებოდეს არა ტრენდებსა და მარკეტინგულ დაპირებებს, არამედ ინდივიდუალურ კლინიკურ შეფასებასა და სამედიცინო ჩვენებებს.

კლინიკური სურათი, რომელსაც პრაქტიკაში ვხედავთ და რომელიც პრეპარატების გვერდით მოვლენებს ეხება, რამდენიმე ძირითად ჯგუფად შეიძლება დაიყოს:

1. საჭმლის მომნელებელი სისტემის პასუხი

ვინაიდან პრეპარატები კუჭის დაცლას ანელებენ, პაციენტთა მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე აღენიშნება კუჭ-ნაწლავის გვერდითი მოვლენები:

დისპეფსიური მოვლენები: გულისრევა, ღებინება, რეფლუქსი (გულძმარვა) და მუცლის ტკივილი.
პერისტალტიკის ცვლილებები: დიარეა ან ყაბზობა. იშვიათ შემთხვევებში აღწერილია ნაწლავური ობსტრუქციაც.
ფუნქციური ცვლილებები: მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა და ბოყინი. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება პანკრეასული ფერმენტების (ამილაზა, ლიპაზა) უსიმპტომო მატება.

2. სისტემური ცვლილებები

საერთო სისუსტე, დაღლილობა და გემოვნების აღქმის ცვლილება. გულისცემის სიხშირის მატება (საშუალოდ 2– 4 დარტყმით წუთში) ან სინუსური ტაქიკარდიის ეპიზოდები. კანის მგრძნობელობის უჩვეულო ცვლილებები (ჰიპერესთეზია).

თმის ცვენა (ალოპეცია), რომელიც უფრო ხშირად დაკავშირებულია წონის სწრაფ კლებასთან, კალორიულ დეფიციტსა და მეტაბოლურ სტრესთან, ვიდრე უშუალოდ პრეპარატის მოქმედებასთან.

3. კლინიკური რისკები

მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებს სამედიცინო შეფასებასა და კონტროლს:
მწვავე პანკრეატიტი - მათ შორის მძიმე ფორმებიც, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია.
ჰიპოგლიკემია - განსაკუთრებით ინსულინთან ან სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატებთან კომბინირებისას.
თირკმლის მწვავე დაზიანება - მძიმე ღებინებით, დიარეითა და დეჰიდრატაციით გამოწვეული მდგომარეობების ფონზე.

ნაღველკენჭოვანი დაავადება და ქოლეცისტიტი.

დიაბეტური რეტინოპათიის დროებითი გაუარესება გლუკოზის დონის სწრაფი გაუმჯობესების ფონზე.
ფილტვის ასპირაციის რისკი ზოგადი ანესთეზიის ან ღრმა სედაციის დროს, კუჭის დაცლის შენელების გამო.

უკუჩვენებები

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ფარისებრი ჯირკვლის C-უჯრედოვანი სიმსივნეების (მედულარული კარცინომის) განვითარების რისკი. ამიტომ პრეპარატები უკუნაჩვენებია იმ პირებში, რომელთა პირად ან ოჯახურ ანამნეზში ფიგურირებს ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომა ან მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზმის სინდრომი (MEN 2).

ასევე უკუნაჩვენებია პრეპარატის ან მისი კომპონენტების მიმართ დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, მათ შორის ანაფილაქსიისა და ანგიოშეშუპების დროს.

Ozempic და Mounjaro არც სასწაულია და არც მტერი. ისინი ძლიერი ფარმაკოლოგიური საშუალებებია, რომლებსაც აქვთ მკაფიო ჩვენებები, რეალური სარგებელი და რეალური რისკები. სწორედ ამიტომ, მათ შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ინდივიდუალურ კლინიკურ შეფასებას, სამედიცინო ჩვენებებსა და სარგებლისა და რისკის ფრთხილ ანალიზს“, - წერს ნატა გაგუა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„სიყვარული...“ - ეთერ ლიპარტელიანი ქმართან ერთად პოზირებს

„ისეთი ლამაზი ხარ, გულს უხარია მუდამ შენი ხილვა“ - შორენა ბეგაშვილი ახალ ფოტოს გვიზიარებს

რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს ვენერასა და იუპიტერის შეერთება - „ენერგიები, რასაც გაააქტიურებს მოქმედი იქნება მომავალი 1 წლის განმავლობაში!“